მთავარი,სიახლეები

კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში ხვალიდან იმოძრავებენ

31.08.2018 • 1975
კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში ხვალიდან იმოძრავებენ

პირველი სექტემბრიდან ბათუმში კონკურსგავლილი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. 696 მიკროავტობუსიდან შემოწმება გაიარა და მინიმალური ზღვარი  გადალახა 564-მა. მიკროავტობუსების მუშაობა დღეს, 31 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე კამათის საგანი გახდა.

„შავი ფული ტრიალებს… ხაზები ისევ იყიდება 2 და 3 ათას დოლარად… ეს არის კორუფცია“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძემ. მან საკრებულოს სხდომაზე კონკრეტული სახელები გააჟღერა, ვინც მისი ინფორმაციით, მიკროავტობუსების სამარშრუტო ხაზებს ყიდიან და ფულს შოულობენ.

„კონკრეტულმა კომპანიებმა მოიპოვეს ნებართვა, მე ეს ვიცი. დანარჩენი რა ხდება, ჩემი საქმე არ არის,“ – უპასუხა ოპოზიციონერ დეპუტატს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ.

„ჩემი საქმე არ არისო, როგორ ამბობთ,“ – ჩაერთო დისკუსიაში „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი – ლევან ანთაძე, – „თქვენ გაქვთ სისტემა, რომელიც „შავი ფულის“ დატრიალების შესაძლებლობას იძლევა. დავინტერესდებით და გავარკვევთო, ეს მაინც გეთქვათ“.

„იქნებ გარიგებული ხართ კიდეც,“ – დაამატა დუმბაძემ.

მერიის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე დამატებით ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ კი რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამ საკითხით სამართალდამცველები დაინტერესდებიან. „გთხოვთ, მიაწოდოთ ეს ფაქტები სამართალდამცავებს,“ – თქვა მან.

მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ მიკროავტუსების გასხვისების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და პირველი სექტემბრიდან კონკურსგავლილი მიკროავტობუსების ქალაქში გადაადგილება GPS მონიტორინგის სისტემით გაკონტროლდება.

„თითო მიკროავტობუსზე კომპანია იხდის თვეში 50 ლარს. ჩვენ გავაკონტროლებთ, დადის თუ არა კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე ის მიკროავტობუსი, რომელზეც ნებართვაა გაცემული. სხვა კონტროლის მექანიზმი არ არსებობს,“ – გვითხრა ემზარ ქავჟარაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: