მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რით არის დაავადებული პირუტყვი აჭარაში – სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაცია უფასოა

31.08.2018 • 4610
რით არის დაავადებული პირუტყვი აჭარაში – სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაცია უფასოა

აჭარაში გავრცელებულია ნოდულარული დერმატიტი, ვირუსული ინფექციური დაავადება, რომლითაც, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები [ბორცვები], თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით.  მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით. სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოდულარული დერმატიტით ადამიანი არ ავადდება.

„ეს დაავადება ბოლო სამი წელია რაც დაფიქსირდა საქართველოში. გვაქვს ვაქცინა, რომელიც არის 50-დოზიანი. მოსახლეობაში, სადაც ფიქსირდება პირუტყვის დაავადება, გარშემო ვცრით საქონელს. მაგრამ გვაქვს ასეთი პრობლემა, 2-3 პირუტყვისთვის ვერ გავხსნით პრეპარატს, იმიტომ, რომ აქვს გამოყენებისთვის მცირე ვადა გახსნიდან. გავდივართ ადგილზე, ვნახულობთ სოფლის თავკაცს, მუნიციპალიტეტები საქმის კურსშია, ვეუბნებით მოსახლეობას, რომ შეაგროვონ 50 სული პირუტყვი და გავალთ შეთანხმებულ დროს და ავცრით. ბევრ ადგილზე ავცერით, ბევრგან კი ეს ორგანიზება პრობლემაა. ვაქცინაციიდან  7-10 დღე რძის გამოყენება არ შეიძლება. მოსახლეობა, ზოგი ამბობს, რძეს ვაბარებთ, ჩვენს საქონელს არ სჭირდება და ა.შ. დავდივართ და ვეხვეწებით ხალხს, რომ შეგვიგროვონ პირუტყვი, განსაკუთრებით ეს პრობლემა ხელვაჩაურშია. როცა დაავადდება პირუტყვი, შემდეგ ტყდება განგაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ილია სირაბიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი.

მისივე ინფორმაციით, დაავადება აჭარის ბევრ სოფელშია დაფიქსირებული, თუმცა ყველაზე უფრო პრობლემური ხელვაჩაურის სოფლებია. აღნიშნული დაავადება კი სამი წლის წინ პირველად შუახევში დაფიქსირებულა. სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინა ყველა მუნიციპალიტეტში განაწილებულია. მიმდინარე წელს 20 ათასამდე პირუტყვი უკვე აიცრა და ჩამოტანილია კიდევ 20 ათასი დოზა. გასულ, 2017 წელს კი, ამ დაავადებაზე 25 ათასი სული პირუტყვი აიცრა აჭარაში.

ილია სირაბიძის თქმით, ვაქცინაცია შველის მხოლოდ ჯანმრთელ პირუტყვს და არა დაავადებულს: „დაავადებულის აცრას აზრი არ აქვს. ის იზოლირებულად უნდა იყოლიონ, კარგია საპნით 2-3-ჯერ მაინც დაბანონ, ასევე სჭირდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

100 დაავადებული პირუტყვიდან, თუ დროული მკურნალობა არ ჩატარდა, 8-10 პირუტყვი ეცემა. „ეს დაავადება ადამიანისთვის საშიში არ არის, მაგრამ ეკონომიკურ ზარალს იწვევს მოსახლეობისთვის. ნოდულარული დერმატიტით დაავადებული საქონლის რძისა და რძის პროდუქტების საკვებად გამოყენება არარეკომენდებულია. რაც შეეხება საქონლის ხორცს, ზოგადად, ნებისმიერი დაავადების გამო იძულებით დაკლული პირუტყვის ხორცის საკვებად მიღება კანონითაა აკრძალული. შეიძლება ჭამოს ადამიანმა და არაფერი მოუვიდეს, მაგრამ წესით და კანონით აკრძალულია,“ – ამბობს ილია სირაბიძე.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამმართველოს ორ-ორი ვეტერინარი ჰყავს. პირუტყვის დაავადების გამოვლენის ან იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ 50 სული პირუტყვი შეაგროვონ და აცრან, მათ შეუძლიათ ამ ვეტერინარებს დაეკონტაქტონ, ან დარეკონ მობილურ ტელეფონზე: 591 113404

რაც შეეხება ბრუცელოზს, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისთვისაც საშიში დაავადებაა, აჭარაში არ ფიქსირდება. ილია სირაბიძის თქმით, გასულ წელს თითქმის ყველა პირუტყვი აიცრა ბრუცელოზზე. ერთხელ აცრილ პირუტყვს კი ამ დაავადებაზე აცრა მთელი სიცოცხლის მანძილზე აღარ სჭირდება. რაც შეეხება ნამატს, სამმართველო ბრუცელოზზე აცრას შემოდგომაზე გეგმავს.

სამმართველოს ინფორმაციით აჭარაში ვაქცინაცია 2004-2005 წლებში 108 ათას სულ პირუტყვს უტარდებოდა, დღეს კი პირუტყვის რაოდენობა თითქმის განახევრებულია. „65-70 ათასი მსხვილფეხა პირუტყვი იქნება სულ დღეს აჭარაში. მარტო ხულოსა და შუახევში 20 ათასი კამეჩი იყო და დღეს არავის ჰყავს. წვრილფეხა ცხოველი [თხა, ცხვარი] ზემო რაიონებში საერთოდ აღარ არის, ქვემო რაიონებში კი 2000 სულამდე თუ იქნება,“ – ამბობს ილია სირაბიძე.

ნოდულარული დერმატიტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვაქცინის 300 000 დოზის ტენდერის გარეშე შესყიდვაზე შესყიდვების სააგენტომ თანხმობა მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს მისცა.

„2018 წლის აპრილის თვეში შეძენილი 238 000 დოზა ვაქცინა სრულად იქნა ათვისებული, ხოლო ივლისის თვეში შეძენილი 200 000 დოზა ვაქცინით მიმდინარეობს საიმუნიზაციო სამუშაოები, მაგრამ ვაქცინის ეს რაოდენობა არ იყო გათვლილი მოულოდნელად გაჩენილი, დაავადებების ახალი კერებით გამოწვეულ საჭიროებებზე. აღნიშნულის გამო საჭირო გახდა დამატებით 300 000 დოზა შესაბამისი ვაქცინის შესყიდვა.“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, ნოდულარული დერმატიტი საქართველოში პირველად 2014 წელს დაფიქსირდა.

ნოდულარული დერმატიტის კლინიკური ნიშნების, მკურნალობისა და ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

აჭარაში, განსაკუთრებით ხელვაჩაურის სოფლებში, პირუტყვი ნოდულარული დერმატიტითაა დაავადებული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: