მთავარი,სიახლეები

შსს: ავტომანქანის მფლობელს შეუძლია მობილურის ნომერი დისტანციურად შეცვალოს

31.08.2018 • 2979
შსს: ავტომანქანის მფლობელს შეუძლია მობილურის ნომერი დისტანციურად შეცვალოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა.

„დღეიდან [31 აგვისტოდან] ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 0322 41 91 91.

შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი.“ -აცხადებს შსს.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.


ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: