ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია [ანონსი]

3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ფესტივალის ფარგლებში რეგიონს უცხოელი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. ფესტივალის განმავლობაში დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.

საღამოობით კი სასტუმრო „ოაზისში“ მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. მათ შორის იქნება ამერიკელი მეცნიერი,  ტურლიდერი ვილიამ კლარკი, რომელიც მტაცებელ ფრინველებზე  წიგნისა და სტატიების ავტორია. ლექციებს ასევე წაიკითხავს ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, წიგნების ავტორი, ტურლიდერი, ფრინველებზე დამკვირვებელი დეივიდ ლინდო დიდი ბრიტანეთიდან. ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 8 სექტემბერს დასრულდება.

პრეზენტაციები/ლექციები: ყოველდღე, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად ტრანსპორტირება შვიდივე დღის განმავლობაში იქნება უფასო. გამგზავრება – ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან.

გასვლითი ტურები: 6, 7, 8 სექტემბერს პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.

რეგისტრაცია: ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე goo.gl

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს:   +995 577 90 90 93/91

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან