მთავარი,სიახლეები

ბათუმში საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ძიძები სექტემბრიდან 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

30.08.2018 • 8666
ბათუმში საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ძიძები სექტემბრიდან 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

ბათუმის საბავშვო ბაღებში მუშაობა 17 სექტემბრიდან გაახლდება. ბაღების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს ბათუმის საბავშვო ბაღებში 8035 ადგილია. ამ დროისათვის გაერთიანებაში ვერ ასახელებენ, რამდენი ბავშვი დარჩა წელს ბაღის გარეშე, რომელიც მშობელმა ბაღში ჩარიცხვის მიზნით დაარეგისტრირა. „ამ დროისთვის ინფორმაციას ვამუშავებთ და  დაახლოებითი მონაცემი 17 სექტემბრის შემდეგ გვექნება“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

გასულ წელს მხოლოდ ბათუმში საბავშვო ბაღების გარეშე 1257 ბავშვი დარჩა.

ამ დროისთვის ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, მათ შორის ერთ ბაღში [#27] სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წლევანდელ სეზონზე კიდევ ერთი ახალი ბაღი შეემატება ბენზეს დასახლებას.

ბათუმის მერიის წარდგენითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან ბაღების აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების ანუ ძიძების, ასევე სხვა ტექნიკური პერსონალის ხელფასი [ადმინისტრაციაში დასაქმებულების გარდა], ოცი პროცენტით გაიზრდება.

მაგალითად, აღმზრდელის ხელფასი [დარიცხვით 500 ლარი] 600 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ძიძის ხელფასი – 460-ლარიდან 560-ლარამდე.

ბაღების აღმზრდელების ხელფასების გაზრდაზე საკრებულოს სხდომებზე ინტენსიურად საუბრობდა საკრებულოს ოპოზიცია, საბოლოდ კი ამ საკითხს, მერიის წარდგენით, საკრებულოს უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: