მთავარი,სიახლეები

21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა

30.08.2018 • 3402
21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად ცესკომ კონკურსი გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით სულ 3637 საარჩევნო უბანია, თითოეულ უბანში 6-6 წევრს საოლქო კომისიები ირჩევენ კონკურსის წესით. ჯამში საუბნო კომისიებში საოლქოს მიერ შერჩეული 21 822 წევრი დასაქმდება.

საუბნო კომისიის წევრები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ მუშაობას და ერთი თვის ხელფასს მიიღებენ. ბათუმის საოლქო კომისიაში გვითხრეს, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 312 ლარი და 50 თეთრი იქნება, კომისიის მოადგილის – 287.50, მდივნის – 262.50, კომისიის წევრის – 225 ლარი.

„საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. მათ ოლქის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან პირადად საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ საკონკურსო განაცხადი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი“, – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკო ისევ არ ანიჭებს უპირატესობას იმ პირებს, რომლებსაც საარჩევნო მოხელის გამოცდა აქვთ ჩაბარებული და აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი. გასულ წელს რამდენიმე ასეთი პირის შესახებ წერდა „ბათუმელები“. კვალიფიკაციის მიუხედავად, ისინი საარჩევნო კომისიის მიღმა დარჩნენ.

საუბნო საარჩევნო კომისიაში სულ 12 წევრი იქნება. საოლქო კომისიის მიერ არჩეული 6 წევრის გარდა, 6 წევრს პოლიტიკური პარტიები შეარჩევენ. პარტიებმა საუბნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები 11 სექტემბრამდე უნდა დანიშნონ. შესაბამისად, საუბნო კომისიებში, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის, მთლიანობაში [საოლქოსგან შერჩეული და პარტიების მიერ დანიშნული] 43 644 ადამიანი დასაქმდება.

წელს საუბნო კომისიებში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ექნება. თითოეულ კომისიაში მმართველი პოლიტიკური ძალა სამ-სამი წევრით იქნება წარმოდგენილი. თითო-თითო წევრი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას,“ „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: