მთავარი,სიახლეები

ვაიმარში ლისტის დაკარგული ოპერა აღმოაჩინეს

30.08.2018 • 3431
ვაიმარში ლისტის დაკარგული ოპერა აღმოაჩინეს

უნგრელი კომპოზიტორის, ფერენც ლისტის 170 წლის წინ დაკარგული ოპერა „სარდანაპალო“ ახლახან იპოვეს. ოპერის პრემიერა ვაიმარში შედგა 19-20 აგვისტოს. პარტიტურა არქივებში უყურადღებოდ იყო ჩაკარგული საუკუნეზე მეტხანს.

სწორედ ვაიმარის ორკესტრ შტატსკაპელას სარეპეტიციო დარბაზში გადიოდნენ რეპეტიციებს მუსიკოსები მსოფლიო პრემიერის მზადებისას, სარეპეტიციოში, სადაც თავად ლისტი 1842 წლიდან მოყოლებული 16 წელი მუშაობდა. სიმბოლურია ისიც, რომ ლისტის ახალაღმოჩენილი ოპერის პრემიერაზე იმავე სახელწოდების ორკესტრი – შტატსკაპელა დაუკრავს. კლასიკური მუსიკის სამყაროში კარგად ცნობილი გერმანიის ეს უძველესი ორკესტრი 1491 წელს დაარსდა და მას შემდეგ სახელი არ შეცვლია.

ვაიმარის შტატსკაპელამ ლისტის ოპერის „სარდანაპალოს” პრემიერა წარმოადგინა 19 – 20 აგვისტოს.

ლისტის დაკარგული ოპერის პარტიტურა კემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის პროფესორმა, დევიდ ტრიპეტმა აღმოაჩინა. ის სამი წლის განმავლობაში სწავლობდა არქივის მასალებს და დაკარგულ ხელნაწერს ეძებდა. ტრიპეტმა პირველად ლაიფციგის მუსიკის აკადემიაში სწავლის დროს შეიტყო, რომ 1910 წლის არქივის კატალოგში შეტანილი იყო ლისტის ოპერა „სარდანაპალი“, თუმცა რეალურად ნოტები არ იძებნებოდა.

ოპერა ტრიპეტმა გოეთესა და შილერის ვაიმარის არქივში იპოვა, სადაც ფერენც ლისტის ნაწარმოებების ყველაზე დიდი კოლექცია ინახება. მათ შორის მუსიკალური ნოტების 14 000 გვერდი.

ფერენც ლისტი

როგორც მიიჩნევენ, ლისტის დაკარგული ოპერის პოვნა და ხელნაწერის ცნობა აქამდე ვერ მოხერხდა, რადგან კომპოზიტორი შაბლონებსა და აბრევიატურებს იყენებდა ხშირად, რასაც გაშიფვრა და შაბლონების შესწავლა სჭირდება.

ოპერის პარტიტურის აღმოჩენის შემდეგ ნოტები დევიდ ტრიპეტმა უნგრეთის სამეცნიერო საზოგადოებას გადასცა, რომელიც ლისტის კულტურულ მემკვიდრეობას კურირებს.

სამეცნიერო საზოგადოება თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა ხელნაწერის გაშიფვრისა და შესწავლის შემდეგ აღიარეს, რომ ეს ნამდვილად ლისტის ოპერაა, რაზეც უნგრელი კომპოზიტორისთვის დამახასიათებელი ჟღერადობაც მიგანიშნებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: