მთავარი,სიახლეები

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

29.08.2018 • 3159
პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული იულია ტიშჩენკო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

შემთხვევა 27 აგვისტოს ღამით მოხდა: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა – დავით შათირიშვილმა და ნუკრი შენგელიამ ავტომანქანა გააჩერეს, რომელსაც ბრალდებული მართავდა. იულია ტიშჩენკოს ალკოტესტმა ალკოჰოლის მოხმარება დაუდგინა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ 6 თვით მართვის მოწმობას ჩამოართმევდნენ.

პროკურატურის ვერსიით, იულიამ დანა გულ-მკერდის არეში დაარტყა პოლიციელს – ნუკრი შენგელიას. პოლიციელმა დარტყმა მოიგერია, თუმცა შემდეგ იგი ქალმა სახის არეში დაჭრა. ბრალდებული ითხოვდა, რომ პოლიციელებს სამართალდარღვევის ოქმი არ შეედგინათ. იულია პოლიციელებმა შემთხვევის ადგილას დააკავეს.

დაზარალებული პოლიციელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

“მე პატიებას ვთხოვ პოლიციელებს,”- მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

“მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მეტი შანსი აღარ გექნებათ,”- უპასუხა მოსამართლემ ბრალდებულს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა იულია ტიშჩენკოს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

“ის, რომ თქვენ 26 წლის ხართ და მცირეწლოვანი შვილი გყავთ, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ლმობიერი იქნება. პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმას ნიშნავს,”- დასძინა მოსამართლემ.

ბრალდებული პატიმრობიდან მაშინვე გათავისუფლდება, როცა ის შეფარდებული გირაოს – 10 ათასი ლარის ნახევარს გადაიხდის.

იულია ტიშჩენკოს ასევე აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, ვიდრე სასამართლო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებულს წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებს, რადგან მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.

იულია ტიშჩენკო უკრაინის მოქალაქეა და ბოლო ორი წელია ბათუმში ცხოვრობს. ის საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ელის.

“ყველაზე პატარა ორი წლისაც არაა… მისი მეუღლე ქართველია. იულია სასტუმროს მენეჯერად მუშაობს. ამბობს, რომ მთვრალი ნამდვილად იყო და ვერ აკონტროლებდა თავს, თუმცა პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმება. რას არ ეთანხმება, მაგას შემდეგ პროცესზე გვეტყვის,”- გვითხრა ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: