მთავარი,სიახლეები

რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი

28.08.2018 • 3189
რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, მწვანე კონცხზე 6 346 კვ/მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვდა. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კომპანია 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა.

აჭარის მთავრობისთვის თავის დროზე კომპანიის პირობები მისაღები აღმოჩნდა. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მუნიციპალური ქონების მთავრობისთვის გადაცემას, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების პირობით, მხარი დაუჭირა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიისთვის პლაჟი აღარ გადაუციათ. მიზეზის გარკვევა ისევ სამინისტროში ვცადეთ.

„მწვანე კონცხის პლაჟი დღეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. შემოსული იყო კომპანიის წერილი, რომლითაც ითხოვდა პლაჟის იჯარით გადაცემას, თუმცა სამინისტროს პასუხი იყო, რომ პლაჟი არის საზოგადოებრივი დანიშნულების, მის მოვლა-პატრონობას სახელმწიფო განახორციელებს, შესაბამისად, პლაჟის გადაცემას მშენებლობის უფლების გარეშე, თუნდაც მისი მოვლა-პატრონობის მიზნით, სამინისტრო არ განიხილავს. ამის შემდეგ პლაჟის საერთო სარგებლობაში დატოვება კომპანიისთვისაც მისაღები აღმოჩნდა და ეს კომპანია თავისი პროექტის განხორციელებას მწვანე კონცხზე ჩვეულებრივად აგრძელებს,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟის ტერიტორია, პირსიდან ზღვაში შეჭრილ კლდემდე [კონცხამდე] მონაკვეთში, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ქონება იყო, აჭარის საკუთრებად 2017 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. ეს ტერიტორია იჯარით არც „ბიზნეს დეველოპმენტზეა“ გადაცემული და არც, როგორც სამინისტროში გვითხრეს – არავისზე. შესაბამისად, გამოდის, რომ  ის პირები, რომლებიც აქ შეზლონგებს აქირავებენ თუ კაფეს ამუშავებენ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და სახელმწიფო ქონებას თვითნებურად სარგებლობენ.

2017 წლის 3 ნოემბერს „ბიზნეს დეველოპმენტს“ პლაჟთან ახლოს ორი ნაკვეთი მიჰყიდეს, ჯამში 421 კვ/მ. ეს, ძირითადად, ის ადგილია, რომელზეც მწვანე კონცხის ყოფილი საბაგირო გზის ჩასასხდომი სადგურის მიტოვებული შენობა დგას.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანიას  დამატებითი ნაკვეთები [მათ შორის პლაჟი] უკვე დაწყებული კომპლექსის მშენებლობის „წარმატებით დასრულებისთვის“ სჭირდებოდა. კომპანია დამატებით რესტორნის, ღია საცურაო აუზისა და ახალი საბაგიროს მოწყობას გეგმავს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ქვედა შესასვლელს და პლაჟს ბაღის ზედა შესასვლელთან დააკავშირებს.

„ბიზნეს დველოპმენტი“ მწვანე კონცხზე მრავალფუნქციურ ტურისტულ კომპლექსს – „მაგნოლიას“ აშენებს. დასასვენებელ კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თავის დროზე ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: