მთავარი,სიახლეები

რას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს

27.08.2018 • 3000
რას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს

ბულვარში ისევ შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც პირდაპირ სავალ ბილიკზე წვანან. ისინი ბულვარში, ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე 25 აგვისტოს წერდა. დღეს, 27 აგვისტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ „რესურსი არ აქვთ, ქუჩებში იარონ“. ბულვარში ბავშვების ღამისთევას არც ბულვარში მყოფი დაცვის პოლიცია იმჩნევს. „სოცმუშაკები პირად საუბარში გეტყვიან, პრობლემაა, მაგრამ სად წავიყვანოთ ეს ბავშვებიო,“ – გვითხრეს მესამე სექტორში.

„ერთი საათის წინ გავიგე ამ პრობლემის შესახებ, ვუთხარი სოცმუშაკებსაც, რომ პოლიციას შეატყობინონ. ჩვენ რესურსი არ გვაქვს, ბულვარში, ქუჩებში რომ ვიაროთ. თუკი ვნახავთ ამ ბავშვებს, მათ შესაბამის სერვისს მივაწვდით,“ – გვითხრა რუსუდან სალუქვაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილემ ბულვარში მყოფი ბავშვების შესახებ. მისი თქმით, ამ დრომდე ბულვარში არც სოცმუშაკებს უმუშავიათ და არც პოლიციიდან შესულა შეტყობინება სოციალური მომსახურების სააგენტოში. მსგავს სიტუაციაში, როგორც წესი, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ერთვებიან.

სად წაიყვანს სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვს, რომელიც ბულვარში ათევს ღამეს? – რუსუდან სალუქვაძემ გვიპასუხა, რომ ბავშვის მშობელს დაუკავშირდება.

„როცა პოლიცია გვატყობინებს, მათთან ერთად ვადგენთ სამოქმედო გეგმას… თუ შესაძლებელია, მაშინვე ვცდილობთ მოვიძიოთ მშობელი, ან ვინმე თანადგომის ქსელიდან, რომელიც ამ ბავშვს მიხედავს, წაიყვანს, მოუვლის… თუ ეს არ ხერხდება, მაშინ ალტერნატიული სერვისები არსებობს, რომლითაც ჩვენ ვერთვებით. შესაძლოა, მინდობით გადაცემა, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ რუსუდან სალუქვაძემ.

„ეს სურათი აჩვენებს იმას, რომ სოციალური მომსახურების სრული ჩავარდნა გვაქვს ამ მიმართულებით. მინდობით გადაცემა გამოსავალი არ არის, ეს უკიდურესი ღონისძიებაა… პირველ რიგში, ოჯახის გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდეს სოციალური მომსახურების სააგენტო და იმ მიზეზების გადაჭრაზე, რის გამოც ბავშვი გარეთ, ქუჩაში რჩება… მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ შესაბამისი სერვისი არ გვაქვს.

მაგალითად, ბათუმში არ არის კრიზისული მართვის ცენტრი, სადაც შესაძლებელია ბავშვის დროებით განთავსება და მისი პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ბავშვი ამ დროს მშიერია, ჰიგიენური მოთხოვნების დაკმაყოფილება სჭირდება და ასე შემდეგ. სოცმუშაკებიც გეტყვიან პირად საუბარში, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ სად წავიყვანოთ ბავშვიო, “ – გვითხრა ანა არგანაშვილმა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

„კრიზისული მართვის ცენტრი არ გვაქვს, მაგრამ ტენდერი გამოცხადებულია და იგი აუცილებლად შეიქმნება,“ – განმარტავს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე. რუსუდან სალუქვაძე ამ სააგენტოს მიერ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერზე საუბრობს, სადაც დაინტერესების შემთხვევაში რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ბიუჯეტის დაფინანსებით, კრიზისული მართვის ცენტრი უნდა შექმნას ბავშვებისთვის. აქამდე რომელიმე არასამთავრობო ამ შეთავაზებით არ დაინტერესებულა.

„სამინისტრო მეორეჯერ აცხადებს ამ ტენდერს, – გვიყვება ქეთი მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი. – „ჩვენ რეკომენდაციებში გვეწერა, რომ უნდა გაიზარდოს დაფინანსება. რამდენად შესრულდა, არ ვიცი“.

„დაფინანსება არ გაზრდილა, მაგრამ მერია მონაწილეობს უკვე ამ პროექტში და ის გამოუყოფს არასამთავრობო ორგანიზაციას შენობას, ეს მოლაპარაკების საგანია… თუკი აუცილებლობა დადგება, ახლაც არსებობს რესურსი, რომ ბავშვი ქუთაისში ან თბილისის კრიზისულ ცენტრში გადავიყვანოთ,“ – ამბობს რუსუდან სალუქვაძე. არის თუ არა ადგილი ქუთაისსა და თბილისში იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა ბათუმის ბულვარში ათევენ ღამეს და ვერავინ ამჩნევს? – „აუცილებლად გამოიძებნება. მთელი ჩვენი სამსახური ფეხზე დგება, როცა კრიზისული მომენტი დგება,“ – გვითხრა მან.

რუსუდან სალუქვაძის თქმით, პრობლემა უფრო უცხო ქვეყნიდან შემოსული ბავშვები არიან: „ესენი, ძირითადად,  აზერბაიჯანიდან შემოსული ბოშები არიან… მათ არ აქვთ პირადობის მოწმობები, ან არ გაჩვენებენ. მათ არ სურთ რომელიმე სერვისში ჩართვა და ცოტა გვიჭირს ამ მიმართულებით. ჟენევის კონვენციის მიხედვით, ჩვენ თანაბრად გვაქვს ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია,“- გვითხრა მან.

ბავშვთა მდგომარეობის შესახებ მასშტაბური კვლევა „იუნისეფმა“ ჩაატარა. ამ კვლევაში ვრცლად არის საუბარი ქუჩაში მყოფ ბავშვებზე. ქეთი მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის მენეჯერი ქუჩაში მყოფ ბავშვებს სამ კატეგორიად ჰყოფს.

„პირველი, ეს არიან ბავშვები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არიან. ისინი დღისით და ღამითაც ქუჩაში არიან. ერთის მხრივ, ამ კატეგორიის ბავშვებს ერთმანეთთან აქვთ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა და იმავე დროს, არის ვერტიკალური იერარქია, ჩაგვრა. მეორე კატეგორიაა ბავშვები, რომლებიც მხოლოდ დღისით არიან ქუჩაში. მათ ოჯახებში უკიდურესი სიღარიბეა, ან ოჯახის რომელიმე წევრი მძიმედ ავადაა და ეს ბავშვები ირგებენ მარჩენალის ფუნქციას. მესამე ჯგუფია, ძირითადად, აზერბაიჯანიდან სეზონურად შემოსული ოჯახები. ისინი კანონიერად კვეთენ სახელმწიფო საზღვარს, კანონიერი ვადით რჩებიან ქვეყნის შიგნით და შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან. ძირითადად, სამივე კატეგორიის ბავშვები დაკავებული არიან ქუჩაში წვრილმანი ვაჭრობით, მათხოვრობით, ან ქურდობით,“ – ამბობს ქეთი მელიქაძე.

ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი: „როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვს ქუჩაში სძინავს, ამ ბავშვის უფლებები უკვე დარღვეულია. აქ შეფასება არ არის საჭირო, ხომ არ არის რაიმე გამამართლებელი მიზეზი. მთავარი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო არ იკვლევს იმ მიზეზებს, რის გამოც აღმოჩნდა ბავშვი. პროტოკოლი არსებობს, რეფერირების სისტემა გაწერილია… დადგენილია, ვის რა პასუხისმგებლობა აქვს. ბავშვის უგულებელყოფაც არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. პირველ რიგში, საჭიროა პირველადი შეფასება, ჯანმრთელობის, ოჯახის შეფასება, გადაყვანა ბავშვის, პირველადი საჭიროებების გამოკვლევა. ის, რომ ბავშვი ბოშაა, არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოს არ ხსნის ვალდებულებას. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით და ვერცერთი სხვა ინტერესი ვერ გადაწონის ამას… ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად.“

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ქეთი მელიქაძე ეროვნული ხედვის და პოლიტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც ქვეყანაში ამ დრომდე არ გვაქვს. მისი თქმით, ამაზე ვალდებულება იუსტიციის სამინისტრომ აიღო. ქეთი მელიქაძე იმ რეკომენდაციების შესახებ გვიყვება, რომელიც „იუნისეფის“ ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ბოლო კვლევის შესაბამისად მომზადდა.

„რეკომენდაცია იყო ისიც, რომ ბათუმში აუცილებელია შესაბამისი სერვისის შექმნა – მობილური ჯგუფი, რომელსაც მყისიერად ექნება რეაგირება… ამ ჯგუფში აუცილებლად უნდა იყოს ე.წ. თანასწორგანმანათლებელი, ვისაც ქუჩაში უცხოვრია და იცის მათი ენა. იქ არსებობს ენის ბარიერი, კულტურული ბარიერი… როგორც წესი, რთულია ამ კატეგორიის ბავშვებთან ნდობის მოპოვება, მათთან კომუნიკაციის დამყარება. შემდეგი ეტაპია უკვე ამ ბავშვების არაფორმალური განათლების სისტემაში ჩართვა, რომ მივაბრუნოთ ისინი სკოლისკენ. ჩვენი კვლევიდან ჩანდა ის, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვებიდან არცერთი არ დადის სკოლაში და კვლევაში გამოკითხული მოზარდების აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მას სურს განათლების მიღება. ისინი განათლებას უყურებენ, როგორც მომავალ კეთილდღეობას. მხოლოდ კონკრეტულ ცენტრში მოთავსება გამოსავალი არ არის. შემდეგ იქედან გამოიქცევიან და ისევ ამაოდ დახარჯული რესურსი იქნება… მრავალმხრივ უნდა დაიგეგმოს მიდგომა,“ – გვითხრა ქეთი მელიქაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი.

„იუნისეფის“ წარმომადგენლის თქმით, განათლების სამინისტრომ, ბავშვთა კვლევის მომზადების პროცესში, პირობა დადო, რომ შეიმუშავებდა მიდგომას ქუჩაში მყოფი ბავშვების მიმართ და მაგალითად, პროფესიულ კოლეჯში მიღების დროს ქუჩაში მყოფი ბავშვებისთვის სავალდებულო აღარ იქნება არასრული საშუალო განათლება.

ქეთი მელიქაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სერვისების არსებობა ქუჩაში მყოფი ბავშვებისთვის განსაკუთრებით საჭიროა ზღვისპირა რეგიონში. მისი რეკომენდაციაა ასევე, რომ ქუჩაში მყოფ ბავშვებს ფული არ მივცეთ:

„ბავშვები მოყვებიან ტურისტულ ნაკადებს… „ვორლდ ვიჟენს“ ჰქონდა კვლევა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე და ქართველი ბავშვებიც ამბობდნენ, რომ ბათუმში წამოსვლა მათთვის არამხოლოდ შრომა და დასაქმებაა, არამედ მათ დაიმსახურეს ზღვის პირას წასვლა.

ასევე ვფიქრობ, რომ ქუჩაში მყოფ ბავშვებს არ უნდა მივცეთ ფული. ეს ეთიკური დილემაა და თითოეული ინდივიდის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, ეს ტოვებს ბავშვს ქუჩაში და გრძლევადიან პერსპექტივაში ბავშვისთვის უკიდურესად მავნეა. უმჯობესია, ბავშვს დაველაპარაკოთ, გავუღიმოთ და ზურგი ვაქციოთ. ჩვენ ხშირად ფულს ვაძლევთ მათ, თითქოს ჩვენს ვალს ამით ვიხდით, მაშინვე ზურგს ვაქცევთ და ამით მათ ვრიყავთ…“

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: