კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

თოჯინების თეატრის შიდა ეზოს მინით გადახურავენ

26.08.2018 • 3255
თოჯინების თეატრის შიდა ეზოს მინით გადახურავენ

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის შიდა ეზო გადაიხურება. სამუშაოებისთვის თეატრის ადმინისტრაციას 114 ათას 983 ლარი აქვს გამოყოფილი.

სამუშაოებს, რომელიც შიდა ეზოს გადახურვის გარდა შიდა კედლების დამუშავება-შეღებვასაც ითვალისწინებს, თეატრი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შიდა ეზო გამჭვირვალე ნაწრთობი მინით გადაიხურება, რისთვისაც გამოყენებული იქნება ლითონის კონსტრუქციები. დაგეგმილია დაახლოებით 87 კვ/მ ფართობის გადახურვა.

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე თოჯინების თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე სამუშაოების წარმოების ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გაცემულია.

სატენდერო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ შიდა ეზო შენობის სიღრმეშია, შესაბამისად, „მისი გადახურვა აღქმადი იქნება შორი მანძილიდან და შენობას არ უკარგავს თავის არქიტექტურულ იერსახეს“.

თოჯინების თეატრის შიდა ეზოს გადახურვა [ცენტრში] / ესკიზი / სატენდერო დოკუმენტებიდან

შესაბამისი ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. ეზოს გადახურვა და კედლების შეღებვა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 60 დღეში უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: