მთავარი,სიახლეები

აზბესტი – კიბოს წყარო სახლების სახურავებზე ბათუმში

25.08.2018 • 14056
აზბესტი – კიბოს წყარო სახლების სახურავებზე ბათუმში

ბათუმში, კერძო დასახლებებში, ასევე სოფლებში, ბევრ სახლს ჯერ კიდევ აზბესტის შემცველი „შიფერის“ სახურავი აქვს. კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, აზბესტი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება – ის კიბოთი დაავადების რისკს ზრდის.

ამ დროისთვის 53 ქვეყანაში არის აკრძალული აზბესტის გამოყენება. საქართველოში კი ამ დროისთვის მხოლოდ აზბესტის ბოჭკოს შემოტანა იკრძალება. შესაბამისად, საქართველოში ათასობით ტონა აზბესტის პროდუქცია ისევ შემოდის. მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს საქართველოში 301 500 აშშ დოლარის ისეთი პროდუქცია შემოვიდა, რომელიც აზბესტს შეიცავს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში [2009 წლიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით] კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში შემოტანილია 10 068 700 აშშ დოლარის ღირებულების აზბესტის შემცველი ნაწარმი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აზბესტით ყოველწლიურად 107 ათასი ადამიანი იღუპება, მათ შორის რამდენიმე ათასი ადამიანი საკუთარ სახლში აზბესტის ზემოქმედებისგან კვდება.

ამის მიუხედავად, „შიფერის“, როგორც ახლის, ისე მეორადის ყიდვა ბათუმში თავისუფლად შეიძლება.

გერმანიის გამოცდილების თანახმად, აზბესტის სახურავების მოხსნა მხოლოდ სპეცტანსაცმლით აღჭურვილ ხელოსნებს უნდა დაუკვეთოთ, რადგან მისი ნაწილაკები და მისგან წარმოქმნილი მტვერი ილექება ფილტვებში, რაც შემდეგ ხდება სასუნთქი გზების კიბოს წყარო.

გარდა ამისა, აზბესტი საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი ავტოტრანსპორტის სამუხრუჭე ხუნდებში საფენის სახით, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სპეციალისტების რეკომენდაციით, ავტობუსის გაჩერებისას სასურველია  30 წამის განმავლობაში ჰაერი არ ჩაისუნთქოთ, რადგან დამუხრუჭებისას ის გააფრქვევს აზბესტის ნაწილაკებს.

საქართველოში აქამდე შემოჰქონდათ აზბესტის ბოჭკოსგან დამუშავებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თავსაფრებიც კი. 2009-2016 წლებში 46 600 აშშ დოლარის ასეთი ტანსაცმელი და აქსესუარები იყო შემოტანილი. თუმცა ბოლო ორი წელია მსგავსი ტიპის ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი საქართველოში აღარ შემოუტანიათ.

აზბესტის შემცველი ნაწარმი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა და შემოდის, ძირითადად არის შიფერი, მილები, აზბესტის შემცველი ფრიქციული მასალები და მათი ნაწარმი (მაგალითად, ფურცლები, რულონები, ლენტები, სეგმენტები, დისკოები, საყელურები, შუასადებები) დაუმონტაჟებელი, გამოსაყენებელი მუხრუჭების, შეჭიდულობებისა ან ანალოგიური მოწყობილობებისათვის. ასევე შემოდის აზბესტის ბოჭკოსგან დამუშავებული ქაღალდი, სქელი მუყაო, ქეჩა და სხვა ნაწარმი.

აზბესტის გამოყენება საქართველოში 2006 წლიდან არის აკრძალული. აკრძალვის დადგენილებაში წერია, რომ აზბესტის ბოჭკო შეყვანილია საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხაში: „როტერდამის კონვენციის მესამე დანართით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N133/ნ (26.03.2001 წ.) ბრძანებით (საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას და მკაცრად შეზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული) განსაზღვრული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხა“.

მათ შორის აზბესტის ბოჭკო:

[crosslist]

  • კროკოდოლიტი
  • ამოზიტი
  • ანტოფილტი
  • აქტინოლიტი
  • ტრემოლიტი

[/crosslist]

მთავარი ფოტო: აზბესტის შემცველი „შიფერის“ სახურავები ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: