მთავარი,სიახლეები

სარიტუალო დარბაზები ევკალიპტების ნაცვლად – უკანონობის ბუმი ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე

24.08.2018 • 5293
სარიტუალო დარბაზები ევკალიპტების ნაცვლად – უკანონობის ბუმი ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე

„სადღაა ევკალიპტები, დაჭრეს და სახლებს აშენებენ, სადაც დატოვეს, იმანაც მოუშალა მერე, ხან ერთი ტოტი მოაჭრეს, ხან მეორე და ხე კი არა, ბოძები გეგონება. ცოტა ხანში ალბათ აქ ევკალიპტები საერთოდ არ დარჩება. ჩემს გოგოობაში მამას ჟიგული ჰყავდა, ქალაქიდან რომ წამოვიდოდით, იმდენი დიდი ევკალიპტი იყო გზაზე, გეგონებოდა, დასახლებაში კი არა ტყეში შემოდიოდი. ლამაზი იყო, თვალს ვაყოლებდი. მამა გვიყვებოდა, რომ ეს ადგილები ადრე დაჭაობებული ყოფილა, ევკალიპტს წყალი ძალიან უყვარსო და ამიტომაც გაუშენებიათ კომუნისტებს“, – გვიყვება დარიკო ზოიძე და თან ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე [მეჯინისწყლის დასახლება] ცენტრალური გზის მიმდებარედ, გზისპირს ასუფთავებს. აქვე ახლოს, გზის მარჯვენა მხარეს, მას საოჯახო ბიზნესი აქვს, ხან თვითონ გამოდის სავაჭროდ, ხან ქმარი ან შვილი – ისინი საზამთროს, ნესვსა და ქოთნის ყვავილებს ყიდიან.

ტერიტორია ცოცხით მოასუფთავა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად შემორჩენილი ევკალიპტის ფოთლებიც შეაგროვა:„ძალიან მიყვარს ევკალიპტის სუნი, მოდი აბა, დასუნე“, – მთავაზობს და ევკალიპტის პატარა შეფოთლილ ტოტს მაწვდის. ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა – „არ ვარ კარგად ჩაცმული და სირცხვილია“.

დარიკო მშენებლობების წინააღმდეგი არ არის, მას მხოლოდ ის აწუხებს, რომ შენობებმა ევკალიპტების ადგილი დაიკავა.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ფრიდონ ხალვაშის გამზირის გასწვრივ, ორივე მხრიდან ისეთივე სამშენებლო ბუმია, როგორიც ქალაქის ცენტრში. თვალის ერთი შევლებითაც კარგად ჩანს, რომ სამშენებლო პროექტები რაიმე განსაკუთრებულ რეგულაციას ან სიმაღლეებს არ ექვემდებარება – აქ შენდება  ორი ან სამსართულიანი სარიტუალო დარბაზები, მაღლივი მრავალბინიანი კორპუსების გვერდით, ბენზინგასამართი სადგურები დასახლებულ ტერიტორიაზე, ბეტონის ფილების საჭრელი ქარხნები გზის გასწვრივ, საწყობები, კომერციული ფართობები, ოფისები და ასე შემდეგ…

მათგან უმეტესობას არ აქვს საინფორმაციო დაფა, ზოგი დაწყებულ და მიტოვებულ მშენებლობას ჰგავს, შემოღობილში შესასვლელი  ბოქლომითაა დაკეტილი, ტერიტორიაზე კი არავინაა. იქ კი, სადაც მშენებლები ადგილზე გვხვდებიან, ხშირად „უფროსი არ იმყოფება“, რომ დაინტერესებული პირის კითხვებს პასუხები გასცეს. მუშებმა კი, როგორც წესი, არაფერი იციან: „ჩვენ მუშები ვართ“. ისინი არც უფროსის ტელეფონის ნომერს ამხელენ და არც მის სახელს: „ყველა გამვლელს ტელეფონის ნომერი რომ მივცეთ, არ შეიძლება მასე. მე რა ვიცი, ვინ ხარ“.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე რამდენიმე სარიტუალო დარბაზია, რამდენიმე კიდევ შენდება. ერთ-ერთს ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მოპირდაპირედ, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, # 197-ში შპს „ოდაბაში იაფი“ აშენებს. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით, კომპანია სარიტუალო დარბაზს აშენებს, სამშენებლო ნებართვის ასლის მიხედვით კი, რომელიც ასევე სამშენებლო მოედანზეა გამოკრული, ნებართვა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობაზეა გაცემული. ნებართვის ასლში მითითებული ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა 2020 წელს უნდა დაასრულოს.

სარიტუალო დარბაზის მშენებლობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე

შენობის უკვე არსებული კარკასისა და იქვე გამოკრული რენდერის [პროექტის ვიზუალური მასალა] მიხედვით, შენობას შესასვლელი მანქანების სავალი ნაწილის მხრიდან ექნება და პრაქტიკულად, არ რჩება ადგილი პარკინგისთვის.

შპს „ოდაბაში იაფი“ 2014 წელსაა დაფუძნებული და კომპანიას თურქეთის ოთხი მოქალაქე იყოფს. რეესტრის მონაცემებით, კომპანიას ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #197-ში 3097 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი აქვს დარეგისტრირებული.

ფრიდონ ხალვაშის #195-ში კიდევ ერთი სამშენებლო პროცესია წამოწყებული, აქ უკვე სამი სართულია აშენებული და არავინ იცის, კიდევ რამდენი სართულის აშენება იგეგმება – ადგილზე არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული და არც მშენებლობის ნებართვის ასლი. სამშენებლო მოედანი საგულდაგულოდაა ჩაკეტილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მშენებლობაზე დიდი ხანია არავინ გამოჩენილა.

ამ მისამართზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არც რეესტრში იძებნება.

კიდევ ერთი მრავალფუნქციური ობიექტი შენდება ამ მშენებლობის მოპირდაპირედ. გამოკრული ბანერის მიხედვით, ობიექტს შპს „ბადრი ბერიძე და კომპანია“ აშენებს. კომპანიას ამ დრომდე პურის ბიზნესი ჰქონდა, ამიტომაც ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ის საკონდიტროს და ამავდროულად მაღაზიას აშენებს. მშენებლობა უკვე დაწყებულია და „ოცნების ქალაქში“ არსებულ ერთსართულიან სახლებს ესაზღვრება, მეორე სართულის აშენების შემდეგ, ამ ერთსართულიან სახლებში მცხოვრებთ ფანჯრებიდან გზის ხედის ნაცვლად შენობის კედელი ექნებათ.

შემოერთებულ ტერიტორიაზე ბევრ ადგილზეა წამოწყებული  მშენებლობა, რომელსაც არც მისამართი აქვს და არც საინფორმაციო დაფა, ამიტომაც რთულია გაარკვიო ვინ რა ფუნქციის და რა მასშტაბების შენობას აშენებს აქ.

აქაურები ამბობენ, რომ აქაც სარიტუალო დარბაზის აშენება იგეგმება. აქ არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული და არც მშენებლობის ნებართვა. ეს კანონდარღვევაა.

 

საინფორმაციო დაფის გარეშე. ეს კანონდარღვევაა.

საინფორმაციო დაფის გარეშე. ეს კანონდარღვევაა.

აქ ოფისი შენდება და „მეტი არაფერი ვიცითო“ – საინფორმაციო დაფა გამოკრული არ არის, არის მხოლოდ ნებართვის ასლი, მაგრამ იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე ინფორმაციის ამოკითხვა რთულია. იმის გარკვევაც ჭირს, ეს სანებართვო დოკუმენტის ასლი ნამდვილია თუ არა. ეს კანონდარღვევაა.

 

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მშენებლობები უმეტესად ზედ გზისპირზეა წამოწყებული, სადაც ხშირად შენობის შესასვლელი პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზეა. მშენებლობების დასაწყებად კი ბევრ ადგილზე მრავალწლოვანი ევკალიპტები გაჩეხეს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: