მთავარი,სიახლეები

საია: მთავრობას უნდა დაესაბუთებინა, რატომ არ შეუშვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეხვედრაზე

24.08.2018 • 3510
საია: მთავრობას უნდა დაესაბუთებინა, რატომ არ შეუშვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეხვედრაზე

„აჭარის მთავრობამ უხეშად დაარღვია კანონი, როცა მთავრობის შენობაში გადაადგილების უფლება შეგვიზღუდა,“ – აცხადებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

23 აგვისტოს, მეთხილე ფერმერების საპროტესტო აქციის პარალელურად უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ელგუჯა ბაგრატიონი, გია აბულაძე და გიორგი დიასამიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან შეხვედრას ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან დეპუტატებს დაცვის სამსახურმა მობილური ტელეფონების დატოვება მოსთხოვა, მათ კი ამაზე უარი თქვეს.

„შენობაში შესვლის შემდგომ მოითხოვეს ტელეფონების ჩამორთმევა, რაც კანონის უხეშ დარღვევასთან ერთად შეურაცხმყოფელი მოთხოვნაც იყო. თორნიკე რიჟვაძის დავალებით, აპარატის ხელმძღვანელი, არჩილ ჩიქოვანი გასცემდა დავალებებს დაცვის სამსახურზე, რომ არ დავეშვით შენობაში, ასევე ხმამაღალი ტონით ახდენდა ძალის დემონსტრირებას, რომ თითქოს მთავრობის შენობაში დაამყარა პოლიციური რეჟიმი, რაც მიზნად ისახავდა უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას და შეხვედრის ჩაშლას,“ – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

„მიუხედავად იმისა, რომ დაცვის სამსახურისაგან მოვითხოვეთ კონკრეტული კანონის ნორმის წარმოდგენა, რომლითაც გვიზღუდავდნენ გადაადგილებას, მათ იგი არ წარმოუდგენიათ. ისინი ემორჩილებოდნენ არჩილ ჩიქოვანის დავალებებს და არა კანონს,“ – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აქცენტს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტზე აკეთებენ, რომლის მიხედვითაც „კონტროლის განხორციელებისას უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში.“  ამავე პუნქტში წერია – „კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მირზა მამულაძე მიიჩნევს, რომ „გამონაკლისები“ ერთ კანონში ვერ იქნება ჩამოთვლილი. „შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განემარტა, რატომ არ შეუშვეს დეპუტატები შეხვედრაზე,“ – ამბობს ის.

„მთავრობის დასაბუთება ახლა კანონთან შესაბამისიც რომ იყოს, ეს მაინც დარჩება პროცედურულ დარღვევად“, – მიიჩნევს მირზა მამულაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს მთავრობის კონტროლზე, რომლის უფლებაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქვს, როგორც საზოგადოების არჩეულ წარმომადგენელს.

„მთავრობას საზოგადოებისთვისაც ოპერატიულად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, რადგან საზოგადოების უფლებაა, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, რატომ არ უშვებენ მის მიერ არჩეულ დეპუტატებს მთავრობაში შეხვედრაზე. მთავრობას მკაფიოდ უნდა აეხსნა არამხოლოდ დეპუტატებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, რატომ ვერ შემოდის დეპუტატი მთავრობის შენობაში, როცა მას უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი შენს საქმიანობაზე,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა.

უმაღლესი საბჭოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეს, ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვენ ეს საკითხი შეისწავლონ და უკანონო ქმედებისთვის შესაბამისი პირები დაისაჯონ. დეპუტატებმა მიმართეს სახალხო დამცველსაც.

ამ დრომდე აჭარის მთავრობას არ გაუკეთებია განმარტება, რის საფუძველზე მოსთხოვეს დეპუტატებს მობილური ტელეფონების დაცვის სამსახურთან დატოვება. უცნობია უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის პოზიციაც.


აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით:

კონტროლის განხორციელებისას უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს:

შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა, შეუზღუდავად შეხვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებულ და სხვა თანამდებობის პირებს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: