მთავარი,სიახლეები

დეპუტატი უკან არ იხევს – მის კომპანიაში სასამართლო გადაწყვეტილებას ისევ არ ასრულებენ 

23.08.2018 • 5031
დეპუტატი უკან არ იხევს – მის კომპანიაში სასამართლო გადაწყვეტილებას ისევ არ ასრულებენ 

გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და მშენებლობას აგრძელებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხვიჩა შარაშიძის კომპანიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი  სამშენებლო მოედანზე ისევ არ შეუშვა. ექსპერტს ხელთ ჰქონდა განჩინება, რომლითაც სასამართლო კომპანიას ავალდებულებს მისთვის მშენებლობაზე შესვლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. სპეციალისტმა უნდა გამოარკვიოს, ნამდვილად აითვისა თუ არა კომპანიამ სამეზობლო სივრცე.

ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო ითხოვს.

სამეზობლო მიჯნაზე მცხოვრებლებმა, რომლებიც კომპანია „ჩემ სახლს” მათი სივრცის ათვისებაში სდებენ ბრალს, სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი პოლიციამ დღეს დაკითხა.

გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით [მას დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში წასვლამდე ვესაუბრეთ], დღეს მათთან შესახვედრად გამოვიდა კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი [მას მანამდე ჰქონდა საუბარი ხელმძღვანელებთან], რომელმაც უთხრა, რომ ექსპერტს სამშენებლო მოედანზე ვერ შეუშვებდნენ. მისივე ინფორმაციით, დღეს პოლიციამ დაიწყო გამოძიება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. გარდა ამისა, მომჩივანები დარჩებიან დავის პროცესში და იბრძოლებენ ამ საქმის კანონიერი გზით გადაწყვეტისთვის.

კომპანიის იურისტმა, ამირან ცეცხლაძემ, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში სამშენებლო მოედანზე ექსპერტის არ შეშვების გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოტივით ახსნა: „არ შეიძლება ასე მოულოდნელად მიადგე კომპანიას მშენებლობაზე შემიშვიო“. მან გვითხრა ისიც, რომ კომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპერტის შესვლასთან დაკავშირებით, არ ჩაჰბარებია.

გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, ასეთი განმარტება ნიშნავს, რომ აქ მომუშავე ყველა ადამიანი და ისინიც, ვინც ეზოში მოძრაობენ, იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ [ სამშენებლო მოედნის ერთ ნაწილში მოქალაქეები გადაადგილდებიან].

„თუ ისინი მოგვაწვდიდნენ აღჭურვილობას, თავდაცვის საშუალებებს, რითაც ყველა მუშა უნდა იყოს აღჭურვილი, ჩვენ დავემორჩილებოდით კომპანიის ამ მითითებებს. გამოდის, რომ კომპანიას უსაფრთხოების ნორმები არ აქვს დაკმაყოფილებული“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

მომჩივანების იურისტი, რომელიც გასულ წლებში საქართველოს იურისტთა ასოციაციის  ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი იყო, ამბობს, რომ მის პრაქტიკაში არ ყოფილა პრეცედენტი, როცა მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვა:

„ეს ნიშნავს, რომ ხვალ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულოს, მაშინ რა საჭიროა ასეთი გადაწყვეტილებები? –  სხვა ახსნა არ აქვს ამ ამბავს, გადა იმისა, რომ კომპანიის მფლობელი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და ეს „წონადობა“ ნიშნავს იმას, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილება არ მიაჩნია სავალდებულო იურიდიულ დოკუმენტად“.

მომჩივანები მიიჩნევენ, რომ კომპანიას მშენებლობის იმ კონდიციამდე მიყვანა სურს, რომლის შემდეგაც გაჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება დემონტაჟი იქნება.

კომპანია „ჩემი სახლის“ იურისტმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომპანიამ თავად ჩაატარა ექსპერტიზა და პასუხიც მიიღო, რომლის მიხედვითაც „ყველაფერი კანონიერია“. ექსპერტად „ჩემ სახლსაც“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი მოუწვევია. ამ ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის ბიურომ ადგილზე აზომვების შედეგად მიღებული მონაცემები საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას შეადარა და გამოარკვია, რომ კომპანია მეზობლად არსებულ ნაკვეთში არ გადასულა.

მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ ისინი ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას მიმართავენ: „დეპუტატი იქნება რაღაც დრომდე, თუ ჰგონია, რომ საერთაშორისო პოლიტიკოსია, ძალიან ცდება. ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ჩვენი სახურავი აითვისა, არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაგვიფუჭა სახლის ერთი მხარე, საიდანც წყალი ჩამოდის და ყველანაირად დაგვიზიანა. სადამდეც გაუვა, გაუვა, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და ვერც ერთ კორპუსს აქედან ვერ ჩააბარებს. ჩვენ მივმართავთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს , რომ შეისწავლონ  როგორ იქცევა დეპუტატის კომპანია.“ – ამბობს გიზო ჩარგეიშვილი.

დეპუტატმა ხვიჩა შარაშიძემ კი „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მზად არის მხარეს ესაუბროს: 

„…ნებისმიერ დროს მომმართონ, გინდათ ოფიციალურად, გინდათ მიეცით ჩემი ტელეფონის ნომერი, შევხვდები მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. ჩემთვის არავის არ მოუმართავს და მე თვითონ რატომ ჩავერიო? – თუ მომმართავს ვინმე, ნებისმიერ დროს მზად ვარ. თქვენ არ იცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერადაა – ძალიან ცალმხრივად შუქდება ეს ყველაფერი, ჩემი მოვალეობაცაა, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს, მაგრამ რასაც თქვენ წერთ, რომ დეპუტატის კომპანია არღვევსო, აქცენტი დეპუტატზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ უნდა თქვათ, რომ ეს არის კერძო პირებს შორის დავა.“

სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლის” 50% დეპუტატ ხვიჩა შარაშიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სამშენებლო  კომპანიამ ცოტა ხნის წინ თავისი სამშენებლო ტერიტორიის მეზობლად სამსართულიან სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრებთან კედელი ამოაშენა. ახლა კი  მეზობელი სახლის სახურავის სივრცეც ისე აითვისა, რომ აქ მცხოვრებლების თქმით, მათ „მომავალში ამ სივრცის გამოყენების შესაძლებლობა წაართვა“. სასამართლო დავა ამ სახლში მცხოვრებლებმა სწორედ ამის გამო წამოიწყეს.

 

ამავე თემაზე:

სასამართლომ დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანიას მშენებლობა შეუჩერა – მან ამის შესახებ არ იცის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: