მთავარი,სიახლეები

ამერიკული და იტალიური საწრთვნელი გემები ბათუმის ნავსადგურში შემოვლენ

22.08.2018 • 3612
ამერიკული და იტალიური საწრთვნელი გემები ბათუმის ნავსადგურში შემოვლენ

ამერიკული და იტალიური გემები ხვალ, 23 აგვისტოს, დილით, ბათუმის ნავმისადგომზე შემოვლენ. ამერიკულ გემ USS Carney-ს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ზაალ მიქელაძე დახვდება, რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქმიანი ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.

„USS Carney-ს ვიზიტი ეძღვნება შეერთებული შტატების კავშირების გამყარებას ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორიცა საქართველო და მუშაობს ერთიანი მიზნის – შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისთვის. USS Carney ჩაატარებს ერთობლივ წვრთნებს სანაპირო დაცვასთან ერთად და მოაწყობს ტურს გემზე შერჩეულ ჯგუფებთან,“ – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი Palinuro ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ ბათუმში ხვალ დილით შემოვა.

ბათუმში Palinuro-ს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

გემი Palinuro მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

  • 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
  • 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და 16:00 საათიდან 18:30 საათამდე
  • 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
 წვრთნები ბათუმის ნავსადგურში ამერიკულ და იტალიურ გემებზე 26 აგვისტოს დასრულდება.
მთავარ ფოტოზე: ამერიკული გემი USS Carney 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: