პატიმარს, რომელმაც თვითდაზიანება მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს

„პატიმარი, რომელმაც თვითდაზიანება მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე. ის დღეს ბათუმის ციხეში პატიმრებს შეხვდა.

ცოტნე ანანიძის თქმით, მსჯავრდებულმა საშუალო ხასიათის თვითდაზიანება დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო. „ის აპროტესტებდა მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს და მიმართავს პროკურატურას. რა საგნით მიიყენა დაზიანება, დეტალურად არ ვიცი,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრში მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების ფაქტი დაადასტურეს. „აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და მისი ქმედება წარდგენილ ბრალს უკავშირდება. მას ციხის ადმინისტრაციის მხრიდან დაუყოვნებლივ გაეწია სამედიცინო დახმარება. ამჟამად მსჯავრდებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, “ – მოგვწერეს უწყების პრესცენტრიდან.

ცოტნე ანანიძე დღეს ბათუმის ციხეში მყოფ მსჯავრდებულს – ლეონიდე მიქაბერიძესაც შეხვდა. რამდენიმე დღის წინ ამ პატიმარმა მისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლების შეზღუდვა გაპროტესტა. საია-ს შეფასებით, ამ კონკრეტულ მსჯავრდებულთან მიმართებით დაწესებულებამ დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

„ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე. ამჯერად ის აპროტესტებს იმას, რომ ერთდროულად მეუღლესთან, დედასა და შვილთან ხანგრძლივი პაემნის უფლება არ მისცა ციხის ადმინისტრაციამ. მიიჩნევს, რომ ამ კუთხით არსებული ბრძანება არის ბუნდოვანი. ჩვენი კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

ლეონიდე მიქაბერიძე ბრალდებულიცაა. მან „ბათუმელებს“ წერილი ამჟამად სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გუშინ, 21 აგვისტოს, გამოუგზავნა. პატიმრის თქმით, მას გამოძიება ციხის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზე – ბექა გაგნიძეზე ფიზიკურ თავდასხმას ედავება. ლეონიდე მიქაბერიძე წერს, რომ ინციდენტი სამარტოო საკანში მოხდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრები ციხის ადმინისტრაციამ წაშალა. პატიმარი მტკიცებულებების დროულად გადაცემას ითხოვს.

პატიმარი აპროტესტებს იმასაც, რომ ინციდენტის შემდეგ ციხის ექიმებმა ბექა გაგნიძე გასინჯეს და მას მცირე ფიზიკური დაზიანება დაუფიქსირეს სახის არეში, ლეონიდეს კი, სამედიცინო შემოწმებაზეც უარი უთხრეს.

ლეონიდე მიქაბერიძის საქმის მასალებს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. აქ გვითხრეს, რომ ჯერჯერობით კომენტარს ამ საქმეზე ვერ გააკეთებენ, რადგან მასალის გაცნობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყეს.

უახლოეს დღეებში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაესხა თუ არა თავს პატიმარი ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლეონიდე მიქაბერიძის ინტერესების დაცვას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ აპირებს სააპელაციო სასამართლოში.

ლეონიდე მიქაბერიძის საკითხზე იუსტიციისa და სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარს ხვალისთვის დაგვპირდნენ.

ლეონიდე მიქაბერიძე ხშირად აპროტეტებს ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს. 2016 წელს ლეონიდე მიქაბერიძის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი ერთ-ერთი წერილი ციხიდან გასვლის ან დაბრუნების დროს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების ვალდებულებას ეხებოდა, რაზეც პატიმარი უარს ამბობდა. ამ მიზეზით იგი საკუთარ სასამართლო პროცესებს ვერ ესწრებოდა. წელს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა ბუქნების გაკეთებასა და გაშიშვლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ უკანონოდ მიიჩნია.

რაც შეეხება დღეს დასმულ კითხვას მსჯავრდებული ლ. მ-სათვის საქმის მასალების გაცნობის თაობაზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად – „ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები“.

შენიშვნა: იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტრომ ლეონიდე მიქაბერიძესთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს მოგვაწოდა. „კანონის თანახმად მსჯავრდებული  ლ.მ -ც გაეცნო  საქმის მასალებს და დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში, კიდევ გაეცნობა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ნასამართლობასთან) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, შეიცავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, რომლის გაცემაც დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებული თანხმობის გარეშე. ვინაიდან წარმოდგენილი არ არის მსჯავრდებულის სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, გაცნობოთ პოზიცია. თუმცა, სამსახური მზადაა, ინფორმირებული თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში, მოგაწოდოთ განმარტებები,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი