მთავარი,სიახლეები

10 მხატვრული ფილმი, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში ნახავთ

22.08.2018 • 4825
10 მხატვრული ფილმი, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში ნახავთ

უკვე ცნობილია ფილმები, რომლებსაც წელს, საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. წელს ამ სექციაში სულ ათი ფილმი იქნება ნაჩვენები. საერთო ჯამში კი კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება ბათუმში. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

„ბათუმელები“ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას კინოფესტივალის სიახლეების შესახებ, მანამდე კი თვალი გადაავლეთ ფილმებს, რომელთაც წელს მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენებენ.

„დონბასი“

„დონბასი“ უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ახალი ფილმია. მოქმედება უკრაინაში ხდება, დონბასში, რომლის ერთი ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშაა და საზოგადოება პროპაგანდის გავლენაში ექცევა.

სერგეი ლოზნიცას ამ ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. რეჟისორს სულ 17 დოკუმენტური და ორი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ორჯერ – კანის კინოფესტივალის.

კადრი ფილმიდან „დონბასი“. ფოტო: imdb.com

„მკვდარი ცხენის ნისლეული“

თურქმა რეჟისორმა,  ტარიკ არკაშმა, ამ ფილმისთვის წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესო თანამედროვე რეჟისორმა.

„მკვდარი ცხენის ნისლეული“ სტამბულში მცხოვრები რეჟისორის, ტარიკ არკაშის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, აქამდე იგი ფოტო და ვიდეოხელოვნებითა და მულტიმედიაპროექტებით იყო დაკავებული. გამოცემა variety წერს, რომ ფილმმა საავტორო კინოს მოყვარულებს შესაძლოა ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჩეილანის გახმაურებული ფილმი – „ერთხელ ანატოლიაში“ გაახსენოს (ეს ფილმი 2011 წელს აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე), თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია.  ფილმი იმ სოფელშია გადაღებული, სადაც რეჟისორი საზაფხულო არდადეგებს ატარებდა ბავშვობაში.

კადრი ფილმიდან. ფოტო: imdb.com

„ბედნიერი ლაზარო“

იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, ელის როუოჩერის ეს ფილმი წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც რეჟისორმა საუკეთესო ფილმის სცენარისთვის მიიღო პრიზი. ლაზარო 20 წლის მიამიტი ფერმერია, ტანკრედი – ახალგაზრდა დიდგვაროვანი, ისინი დამეგობრდებიან, რაც განსაკუთრებით ლაზაროსთვისაა მნიშვნელოვანი.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი ასრულებს. იგი თავად წარადგენს ფილმს ბათუმის კინოფესტივალზე.

„ჰორიზონტი“ 

ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალის სექცია „პანორამაში“ შედგა.  ფილმი განქორწინებული ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

„ჰორიზონტში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

კადრი ფილმიდან „ჰორიზონტი“. ფოტო: imdb.com

„მარცვალი“

თურქი რეჟისორისა და მწერლის, სემირ კაპნალოღლუს შავ-თეთრი ფილმი პოსტაპოკალიფსური ამბავია სამყაროზე, სადაც ემიგრანტებისაგან ქალაქებს მაგნიტური კედლები იცავს და სადაც სამყაროს კორპორაციები და ელიტები მართავენ.

ფილმი 2017 წელს ტოკიოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

 

„შევარდნა“

ეს რუსი რეჟისორის, ივან ტვერდოვსკის ახალი ფილმია იშვიათი დაავადების მქონე ბიჭზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ინტერნატში გაატარა. იგი დედას მიჰყავს სახლში და მთავარი გმირი სულ სხვა ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდება. ფილმმა წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი მიიღო.

ივან ტვერდოვსკი 2016 წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა ფილმით – „ზოოლოგია“.

კადრი ფილმიდან. ფოტო: imdb.com

„პანიკური შეტევა“ 

ეს არის შვიდი ტრაგიკომიკური ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინგრეს მთელი ჩვენი სამყარო ნებისმიერ მომენტში – მოკლედ ასეა აღწერილი პოლონელი რეჟისორის, პაველ მალსონას სურათი. „პანიკური შეტევა“ რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია და როგორც შეფასებებიდან ჩანს, იგი განსაკუთრებით შავი კომედიის მოყვარულებს მოეწონებათ.

ფილმი წელს რამდენიმე კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და ექვსი ჯილდო აქვს მიღებული.

„რეი და ლიზი“

ბრიტანელი რეჟისორის, რიჩარდ ბილინგემის ფილმი თავად რეჟისორის მოგონებებს ეფუძნება. ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე წელს ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო და მთავარ ჯილდოზე – „ოქროს ლეოპარდზეც“ იყო წარდგენილი.

„სტიქსი“

გერმანელი რეჟისორის, ვოლფგანგ ფიშერის „სტიქსი“ ამბავია მოგზაურ ქალზე, რომელიც ღია ოკეანეში ემიგრანტების გემს გადააწყდება. ფილმმა წელს ბერლინის კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა.

„თარჯიმანი“

სლოვაკი რეჟისორის, მარტინ სულიკის სურათი. ფილმის მიმოხილვის თანახმად, 80 წლის ალი „ესესის“ ყოფილი ოფიცრის წიგნს კითხულობს და ხვდება, რომ მისი მშობლების სიკვდილში წიგნის ავტორია დამნაშავე. იგი შურისძიებას გეგმავს, მაგრამ იპოვის 70 წლის შვილს, ყოფილ მასწავლებელს.

კადრი ფილმიდან „თარჯიმანი“. ფოტო: imdb.com

ფესტივალის კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: