მთავარი,სიახლეები

მერიამ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სკვერი გააშენა, სკვერი შეიძლება გააუქმონ

21.08.2018 • 3709
მერიამ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სკვერი გააშენა, სკვერი შეიძლება გააუქმონ

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, შემოსავლების სამსახურის გვერდით არსებული ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს. ღობის იქეთ აღმოჩნდა გამწვანებული ადგილიც.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე კერძო კომპანია ავტოპარკინგს და ტროტუარს მოაწყობს, თუმცა გამწვანებული ადგილი ხელშეუხებელი დარჩება. მაშინ რატომ შემოღობა სკვერის ნაწილი კომპანიამ? – მერიის პრესსამსახურში ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

„ტერიტორია კომპანია „პრინტსერვისის“ მფლობელობაშია და იქ აწყობს ტროტუარს და ავტოპარკინგს. მერიისგან თანხმობა აქვს“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმელების“ მიერ დოკუმენტების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ადგილი, სადაც მერიამ სკვერი მოაწყო, შპს „პრინტსერვისის“ საკუთრებაშია 1998 წლიდან.

როგორ დარგო მერიამ მცენარეები სხვის კერძო საკუთრებაში? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მერიამ გამწვანების სამსახურში გადაგვამისამართა.

მერიის გამწვანების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ გამწვენებული ადგილი კერძო საკუთრებაშია და დაწყებული აქვთ მოკვლევა, შეხვდებიან მესაკუთრეს და დამატებით კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.

„ბათუმელები“ შპს „პრინტსერვისს“ დაუკავშირდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ მერიასთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით არემონტებენ ტროტუარს ქუჩის სავალი ნაწილის მხარეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების პარკინგის მოაწყობენ.

„ტროტუარი და პარკინგი მაინც ჩვენს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დარჩება. რაც შეეხება გამწვანებას, თავის დროზე ჩვენც გვქონდა მაქ ნერგები დარგული, შემდეგ ტერიტორია უკითხავად წაიღეს, 2009 წელს. 2012 წლიდან გვქონდა სასამართლოში დავა და მხოლოდ სამწლიანი დავის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღვიდგინეთ საკუთრების უფლება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სხვა სამუშაოები დაგეგმილი არ გვაქვს“, – გვითხრეს „პრინტსერვისში“. კომპანიის საკუთრებაში აქ ჯამში 451 კვ/მ ტერიტორიაა.

როგორც აღმოჩნდა, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს აღნიშნული გამწვანებული ადგილის ირგვლივ მოკვლევა სხვა კომპანიასთანაც მოუწევს. საქმე იმაშია, რომ „პრინტსერვისის“ კერძო საკუთრებაში აქ გამწვანებული ადგილის მხოლოდ ნაწილია. მეორე ნაწილი კი, სადაც ასევე მერიის მცენარეებია გაშენებული, სხვა კერძო კომპანიის საკუთრებაშია.

ჩვენ მიერ გადამოწმებული დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე გაყიდა 2016 წელს და ის შპს „ჯეო დეველოპმენტმა“ იყიდა. ჯამში 3769 კვ/მ ტერიტორია, მათ შორის აღნიშნული სკვერის ნაწილიც [ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე].

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე „ჯეო დეველოპმენტი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს, მათ შორის სასტუმროს ააშენებს. მშენებლობა დაწყებული არ არის, კომპანიასა და სამინისტროს შორის კი უკვე შეთანხმება გაფორმდა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებებიც შევიდა.

სავარაუდოდ, სკვერს, რომლის გაშენებაშიც მერიამ თანხა დახარჯა, მესაკუთრე გაჩეხავს ან ნარგავებს გადაიტანს.

გამწვანებული ადგილი ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე, რომლის ერთი ნაწილი კერძო კომპანიის საკუთრებაშია, მეორე ნაწილი კი, ასევე სხვა კერძო კომპანიის საკუთრებაში, რომელსაც ეს ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიჰყიდა.

ბათუმის მერიის გამწვანება კერძო საკუთრებაში / 21.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: