საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი, კონსტანტინე ანანიაშვილი რამდენიმე დღეა, რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგა და აჭარის პოლიციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებაც განახორციელა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონსტანტინე ანანიაშვილმა ახალი კადრი დანიშნა თავის ერთ-ერთ მოადგილედ. ეს შტატი ამ დრომდე ვაკანტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოადგილედ ირაკლი ჭედიშვილი დაინიშნა. მის მიერ 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ტარიელ კუტალაძე ბათუმის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს, ბათუმის პოლიციის უფროსი ზაზა დიასამიძე კი, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ეს ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს.

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა და ის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსმა ბექა გელაშვილმა. სამინისტროში გვითხრეს, რომ დეტექტივების უფროსად დავით ათაბეგაშვილი დაინიშნა.

აჭარის პოლიციაში ამბობენ, რომ თანამდებობა შესაძლოა უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მიშა ბარნოვმაც დატოვოს. სს აცხადებს, რომ მიშა ბარნოვი უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსად მუშაობას აგრძელებს.

გელაშვილიც და ბარნოვიც აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის ბესიკ ამირანაშვილის კადრად მოიაზრებოდნენ. ამირანაშვილმა აჭარაში დანიშვნის შემდეგ [2015 წელი] 17-მდე ადამიანი დაასაქმა „თავისი გუნდიდან“, მათ შორის აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე ამირანაშვილის მინისტრის მოადგილედ გადაყვანის შემდეგ დანიშნეს.

ბესიკ ამირანაშვილი რამდენიმე დღის წინ პრემიერმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დანიშნა.

პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ექვსი დღის წინ დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ შსს-მ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს გაავრცელა. ანანიაშვილმა ამ თანამდებობაზე ლაშა გოგნიაშვილი შეცვალა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com