მთავარი,სიახლეები

კარდიოქირურგის მოგონებები აგვისტოს ომზე

20.08.2018 • 8566
კარდიოქირურგის მოგონებები აგვისტოს ომზე

გულ-სისხლძარღვთა ქირურგი მახირ ბალაქიშიევი უკვე რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და მუშაობს. მახირი ეთნიკური აზერბაიჯანელია, მარნეულში გაიზარდა და მე-9 კლასის შემდეგ გააგრძელა სწავლა თბილისში, ჯერ სამედიცინო კოლეჯში, შემდეგ კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მარნეულში ძირითადად აზერბაიჯანულად და რუსულად საუბრობენ, მახირმა ქართულ ენაში მომზადება კოლეჯში ჩაბარების წინ დაიწყო და ახლა თავისუფლად საუბრობს ქართულად.

33 წლის ქირურგისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოგონებაა. იმ წელს მახირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა, როცა ომში გაიწვიეს, როგორც რეზერვისტი. მას შემდეგ ათი წელი გავიდა, მაგრამ მახირს დეტალურად ახსოვს აგვისტოს ორი დღე, რომელიც მან გორში გაატარა, როგორც რეზერვისტმა.

„ორი რეზერვი მქონდა გავლილი ამ დროს. 6 აგვისტოს კრწანისში ეკიპირება ავიღეთ და გორში გადაგვიყვანეს.

სპორტკომპლექსში ვიყავით. რამდენჯერმე გადაგვიფრინეს ბომბდამშენებმა, ძალიან გვეშინოდა მართალი გითხრათ, რადგან ამდენი ადამიანი ერთ შენობაში არ უნდა შეიყვანო, განსაკუთრებით ომის დროს. მახსოვს, რამდენჯერმე გამოგვიყვანეს გარეთ, მერე ისევ შეგვიყვანეს.

დილის ექვს საათზე აფეთქება მოხდა შენობაში და ძლიერმა ტალღამ მოგვისროლა. ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა ჩემს თვალწინ, მე ნამსხვრევებში მოვხვდი და დავშავდი, ხელები დამიზიანდა და ფეხში მომხვდა ნამსხვრევი.

მახსოვს არეულობა. დავდიოდით ქალაქში ყვითელი ავტობუსებით, როგორც ტურისტები, ათი წრე დავარტყით გორს. როცა ომში მიდიხარ, იცი, რომ შეიძლება მოკვდე, მაგრამ რთულია, როცა არ აკეთებ არაფერს, არ იბრძვი. 23-24 წლის ვიყავი მაშინ, იყვნენ ჩემზე უმცროსებიც. ბევრი გაიფანტა, ხალხსაც ეშინოდა, აქ არ გაჩერდეთ, ჩვენთვისაც საშიშიაო, არ გვქონდა არავითარი ინფორმაცია, უბრალოდ ვხედავდით დაჭრილებს, რომლებიც მოჰყავდათ.

სამედიცინოს ექვსი სტუდენტი ვიყავით, გადავწყვიტეთ ჰოსპიტალში მივსულიყავით, იარაღი იქ ჩაგვებარებინა და ექიმებს დავხმარებოდით, მაგრამ მე დახმარება ვეღარ შევძელი, ხელებიდან სისხლი მდიოდა, რამდენჯერმე გადამიხვიეს და ბოლოს სასწრაფო დახმარების მანქანით გამიშვეს თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ – ყვება მახირი.

აგვისტოს ომის შემდეგ მახირი თურქეთში წავიდა სასწავლებლად, სადაც ეგეუსის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი საუნივერსიტეტო კლინიკის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში რეზიდენტი იყო. ექვსი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და უკვე სამი წელია ბათუმში მუშაობს.

კარდიოქირურგობა ერთი სერიალის ყურების დროს გადაწყვიტა, მანამდე ფიქრობდა, რომ სხვა მიმართულებას აირჩევდა მედიცინაში:

„შეიძლება სასაცილოა, მაგრამ მაშინ სერიალი გადიოდა, „ამაზონი“, იქ ყველაზე გამორჩეული გმირი იყო კარდიოქირურგი, რომელიც ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და ამიტომაც გადავწყვიტე. ძალიან ძნელი პროფესიაა, რთული გზაა გასავლელი. თურქეთში სასწავლებად იმიტომ წავედი, რომ მე რომ დავამთავრე, კარდიოქირურგიაში ადგილები დაშვებული არ იყო, არადა, ძალიან მინდოდა ეს პროფესია.

თურქეთში სწავლა ექვსი წელი გრძელდება, ამ დროს არ ხარ მხოლოდ წიგნზე დამოკიდებული, ოპერაციებს აკეთებ, აბარებ პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდებს. ჩემი მეუღლე სწავლის პერიოდში გავიცანი, ორი შვილი მყავს, 10 და 7 წლის. თავიდან ძალიან უჭირდათ ბავშვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თურქეთში ვიყავით. იქ მორიგეობისას 24 საათი რჩები, შეიძლება ორი დღეც ვერ გამოხვიდე კლინიკიდან და ბავშვი მეკითხებოდა, ჩვენთან როდის მოხვალო,“ – ყვება მახირი.

ამბობს, რომ 600-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული გუნდთან ერთად, მათგან ყველაზე ხანგრძლივი 16 საათს გაგრძელდა:

„ყველა ექიმს უნდა მისი გაკეთებული ოპერაცია წარმატებით დასრულდეს და საოპერაციო ბლოკიდან გამოსულმა კარგი ამბავი უთხრას პაციენტის ახლობლებს. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა გამოდიხარ და ეუბნები, რომ ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც გინდოდათ.  არ ასწავლიან ეს როგორ უნდა გააკეთო, როგორ მოიქცე, მაგრამ ხედავ, როგორ იქცევიან სხვა ექიმები, უნდა იგრძნო მომენტი, რა უთხრა ადამიანს. ყველა ექიმს უჭირს ამის თქმა. ამიტომაც ცდილობ, ყოველთვის კარგი ამბით გამოხვიდე ოპერაციიდან.

ზოგადად, გულის ოპერაციის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, პაციენტი კრიტიკულია, შეიძლება ოპერაციამ კარგად ჩაიაროს, მაგრამ ზუსტად არასდროს იცი რა მოხდება, ქირურგს არაფრის გარანტირება არ შეუძლია, ყველა ადამიანი, ყველა შემთხვევა განსხვავებულია. სამაგიეროდ, როცა ყოფილი პაციენტი მოდის თავისი ფეხით, თავს კარგად გრძნობს, ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა.“

განსაკუთრებული ჰობი არ აქვს და თავისუფალი დროც – იშვიათად. მიკვირს კიდეც, სხვა ექიმები ჰობიზე რომ ლაპარაკობენ, მე ვერ ვახერხებო – მეუბნება. მარნეულში, მშობლიურ სოფელში ჩასვლას, სადაც ახლა მისი მშობლები და ძმა ცხოვრობენ, იშვიათად ახერხებს. ისეც ხდება, რომ შეიძლება ჩავიდეს და მეორე დღესვე მოუხდეს უკან დაბრუნება, როგორც 2017 წლის მიწურულს მოხდა:

„30 დეკემბერს ჩავედი, იმ დღეს მოიყვანეს პაციენტი კლინიკაში და 31-ში დავბრუნდი ბათუმში, ოპერაციისთვის. 12-ს რომ 15 წუთი აკლდა, მოვრჩით ოპერაციას და ახალი წელი საავადმყოფოში აღვნიშნეთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: