მთავარი,სიახლეები

„ლექციას ვერ წაგიკითხავთ“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი მრჩეველი

20.08.2018 • 6456
„ლექციას ვერ წაგიკითხავთ“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი მრჩეველი

„ამას საერთოდ შეხება არ აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაციასთან,“ – ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახალი მრჩეველი მთავრობის სხდომების დახურვას. ლევან ჯაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური საკითხების მიმართულებით მუშაობს.

ბატონო ლევან, რა კავშირი გქონდათ თორნიკე რიჟვაძესთან აქამდე, რის გამო შეგარჩიეს მრჩევლად? 

მაგ კითხვას რომ სვამთ, ცოტა უხერხულია, მე მგონი. საერთოდ კავშირში არაა ჩემს საქმიანობასთან. ეს შეგიძლიათ პირდაპირ თორნიკეს ჰკითხოთ. ცოტა უცნაური კითხვაა.

თქვენ იყავით არჩილ ხაბაძის თანაშემწე 2013-2016 წლებში, ასევე ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2015 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ აჭარის მთავრობაში მუშაობის პარალელურად მუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და ორივე უწყებიდან აიღეთ ხელფასი. 

აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რომ რეალური ყოფილიყო, შემდეგი გაგრძელება არ ექნებოდა? შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია, ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიპოვოთ. მარტივია ამ ინფორმაციის გამოთხოვა.

საჯარო ინფორმაციის მიღებას 10 დღე მაინც სჭირდება…

ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტრაქტით მხოლოდ სამი თვე, რებრენდინგის სფეროში. სამი თვე იყო, თუ ოთხი აღარ მახსოვს. ეს ის პერიოდი იყო, ვიდრე მე  აჭარის მთავრობაში დავიწყებდი მუშაობას.

თქვენ ხართ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადის“ დამფუძნებელი და დირექტორი. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ დაარქვით ეს სახელი ორგანიზაციას? 

ეს გრძელი ისტორიაა. ეს მოხდა 2014 წელს. მე ჩემი პირადი ურთიერთობები მაქვს ანალიტიკის სფეროში და სპენსერის ფონდთან ერთად შევარჩიეთ ეს სახელწოდება. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ანალიტიკურ შეფასებას და პროცესების მოდელირებას.

ოპოზიციის შეფასებით, ეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორგანიზაციაა. 

ეს მორიგი სისულელეა. ცხოვრებაში არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი და არანაირი შეხება არ მქონია მასთან.

თქვენ ხართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. რა რჩევა მიეცით მთავრობის თავმჯდომარეს, როცა მან პირველივე სხდომა დახურა? 

ეს ბავშვურ კითხვად მეჩვენება. ასე არ ხდება რჩევის მიცემა. ცოტა უფრო ღრმად თუ ჩაიხედებით საერთაშორისო პრაქტიკაში, როგორ ხდება რჩევის მიცემა და რის საფუძველზე, კარგი იქნება.

მაშინ ის გვითხარით, როგორ აფასებთ სხდომების დახურვას პირადად თქვენ? 

გიხსნით, რომ თორნიკე რიჟვაძის ქმედებებში აისახება, თუ რა რჩევებს ვაძლევ მე.

მან ხომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება – სხდომები დაიხურა. 

მაგ დროს მე, ჯერ ერთი, საქართველოში არ ვიყავი… სხდომა არ დახურულა, მოხდა ტექნიკური ნაწილის დახურვა, რაც აპრობირებული მეთოდია. ყოველთვის დახურული იყო სხდომის ის ნაწილი, როცა ციფრებს და კონკრეტულ დეტალებს გადიან, დანარჩენი ღიაა, როგორც ადრე იყო. ადრეც ასე ხდებოდა, უბრალოდ, ამ ტექნიკურ ნაწილს არ ერქვა დახურული ნაწილი და თავისით ტოვებდნენ ჟურნალისტები სხდომათა დარბაზს.

„თავისით დატოვება“ ეს კონკრეტული ჟურნალისტის არჩევანია. მე, პირადად, დავსწრებივარ სხდომას ბოლომდე და ამის შესაძლებლობა აქამდე არსებობდა. 

მიზანშეწონილად ჩაითვალა მთავრობის სხდომის ტექნიკური ნაწილის დახურვა.

ეგ ვიცით. მაგრამ ის გვაინტერესებს, რატომ ჩათვალეთ, რომ ეს არის ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან? 

საერთოდ, საზოგადოებასთან კომუნიკაციას ამას კავშირი არ აქვს. მთავარია, საზოგადოებამდე მიიტანო „მესიჯი“, თუ რა გადაწყვეტილება მიიღე. ტექნიკური ნაწილი, როგორ მიმდინარეობს მუშაობა, საერთოდ კავშირში არაა საზოგადოებასთან ურთიერთობასთან.

თქვენი აზრით, საზოგადოებას არ აქვს უფლება იცოდეს, რაზე მსჯელობს მთავრობა? 

ტექნიკური ნაწილი ყოველთვის არის დახურული, მოიპოვეთ ჯერ ინფორმაცია, რა არის. ტერმინებში ახლა მე გარკვევას ხომ არ დაგიწყებთ, ლექციას ვერ წაგიკითხავთ.

სოციალურ სფეროშიც თქვენ ხართ მრჩეველი. მინდა გკითხოთ, რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ამ კუთხით?

ვფიქრობ, რომ დასაქმებაა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ეკონომიკური მდგომარეობა. მიმდინარეობს მუშაობა, არსებული ინფორმაციის დამუშავება, მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივის დამუშავება.

კონკრეტულად „ოცნების ქალაქზე“ გვითხარით, რა ხედვა გაქვთ, მაგალითად, თქვენ, როგორც მრჩეველს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?  

ახლა მიდის ინტენსიური კონსულტაციები, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სამართლებრივ ჩარჩოებში მოგვარდეს ეს პრობლემა. ვისაც ეკუთვნის მართლა, დაკმაყოფილდეს და ვისაც არ ეკუთვნის, სახელმწიფომ შესაბამისი ნება გამოხატოს. კონკრეტული ხედვა არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მივსულვართ.

ხელახლა აპირებთ „ოცნების ქალაქის“ შესწავლას?

კანონი როგორ ადგენს, როცა უსამართლოდ არის ადამიანი სადმე შესული. ჩაიხედეთ კანონში და ნახავთ.

რომელ კანონში, მიგვითითეთ…

ნებისმიერში, რომელიც ეხება ქონების შესახებ თუნდაც…

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: