ბრძოლა მეჩეთისთვის და მეჩეთის წინააღმდეგ

„მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა იმაში, რომ თავისუფლად შევძლო ვემსახურო ჩემს რელიგიურ მრწამსს“, – ასე ფიქრობს ბათუმელი მუსლიმი თეონა ვარშალომიძე. მისი აზრით, ბათუმში ახალი მეჩეთი საჭიროა, რადგან არსებული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს.

საქართველოში ძალიან ბევრი მოქალაქე თეონას კატეგორიულად არ ეთანხმება. არსებობს ბევრად რადიკალური მოსაზრებებიც.

ვინ ითხოვს მეჩეთს

მეჩეთს ბათუმში აჭარაში მცხოვრები მუსლიმები ითხოვენ. მეჩეთის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ საკმარისია ის, რაც უკვე არსებობს.

დღეს ბათუმში მხოლოდ ერთ, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ მეჩეთს – ორთა-ჯამეს იყენებენ რელიგიური დანიშნულებით. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სახელმწიფოს ეკუთვნის. მუსლიმების თქმით, ორთა-ჯამე ლოცვაზე დასწრების მსურველ მორწმუნეთა ნახევარსაც კი ვერ იტევს.

მუსლიმები ბათუმში ყოველი პარასკევის ლოცვას წლებია მეჩეთის გვერდით ქუჩაზე, ქვაფენილზეც რომ ასრულებენ, ამას სადავოდ არავინ ხდის. მაგრამ სადავოა ის საკითხი, თუ ვინ ლოცულობს ამ მეჩეთში. იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის, ანუ ბოლო აღწერის მონაცემებით, ბათუმში 38 762 მუსლიმი ცხოვრობს, ახალი მეჩეთის აშენების მოწინააღმდეგეების აზრით, მეჩეთში სალოცავად სპეციალურად ჩამოჰყავთ მორწმუნეები როგორც აჭარის სოფლებიდან, ისე თურქეთიდან.

თეონა ვარშალომიძე

პროფესიით ექიმი თეონა ვარშალომიძე ამბობს, რომ მათთვის დამთრგუნველია, როცა ქართველ მუსლიმებს 21-ე საუკუნეში ისევ სჭირდებათ ხაზგასმა, რომ ქართველები არიან:

„ხშირად მესმის, თითქოს მეჩეთის აშენება უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. შესაძლებელია, გარე ძალებს მართლაც აწყობთ ქართული საზოგადოების დაპირისპირება რელიგიის თუ პატრიოტიზმის სახელით, მაგრამ არავის აქვს უფლება მიმითითოს, სად და როდის ვილოცო. აქ სწორედ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჩემი უფლებები“.

ბათუმელი მუსლიმი ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ

„მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა იმაში, რომ თავისუფლად შევძლო ვემსახურო ჩემს რელიგიურ მრწამსს“, – ასე ფიქრობს ბათუმელი მუსლიმი თეონა ვარშალომიძე. მისი აზრით, ბათუმში ახალი მეჩეთი საჭიროა, რადგან არსებული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ორშაბათი, 20 აგვისტო, 2018

„ვერ ვეტევით, გვჭირდება მეჩეთი. თუ სხვა ქვეყნის მომლოცველიც შემოვა, რა პრობლემაა“, – ამბობს კიდევ ერთი მუსლიმი, ბათუმში მცხოვრები, პროფესიით ინჟინერი დანიელ მიქელაძე. მისი აზრით, ახალი მეჩეთის მშენებლობა მუსლიმების საჭიროებას წარმოადგენს და „საზოგადოება პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს“.

ხელისუფლების დაპირებები წლების მიხედვით 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად მუსლიმები სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის გამოყოფას 1990-იანი წლებიდან სთხოვენ.

თავად ხელისუფლებამ კი მეჩეთის მშენებლობის შესაძლებლობა საჯაროდ, პირველად, 2012 წელს გაახმაურა, რასაც წინ უძღოდა მაშინდელი მთავრობის თურქულ მხარესთან მოლაპარაკება, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების – ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის თაობაზე. მაშინ ითქვა, რომ სწორედ ამ კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის სანაცვლოდ ბათუმში უნდა აშენებულიყო ე.წ. აზიზიეს მეჩეთი, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე არსებობდა ბათუმში და შემდეგ დაანგრიეს.

ამ ინფორმაციის გასაჯაროებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა ბათუმში.

2012 წელი, აქცია აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ

„მეჩეთზე ჩვენ ვიყავით შეთანხმებული, როგორც კულტურის ცენტრზე ბათუმში და არა, მოქმედ მეჩეთზე… მე ნამდვილად არც მოქმედ მეჩეთში არ ვხედავ პრობლემას“, – განაცხადა საპროტესტო ტალღის შემდეგ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა, მაშინდელი ხელისუფლების მთავარმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობას თავად დააფინანსებდა.

2013 წლის თებერვალში ივანიშვილმა უკვე პრემიერის რანგში დაადასტურა, რომ „მეჩეთისთვის ადგილს ეძებს აჭარის მთავრობის მეთაური ხაბაძე“. 2013 წლის მარტში, თემაზე კომენტირებისას, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ და დღეს მოქმედმა პარლამენტარმა არჩილ ხაბაძემ დააზუსტა: “ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ მეჩეთის მშენებლობა მოხდება ქართული ფულით“.

მუსლიმების შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, ურეკის რეზიდენციაში

ზუსტად ერთი წლის თავზე პრემიერი ივანიშვილი შეხვდა მუსლიმებს ურეკის რეზიდენციაში. შეხვედრიდან გამოსულმა მუსლიმებმა განაცხადეს, რომ უკვე განსაზღვრულია ადგილი, სადაც საკულტო ნაგებობა აშენდება.

ბზარი მუსლიმებსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის

2014 წლიდან ვითარება რადიკალურად და საპირისპიროდ შეიცვალა – მუსლიმმა თემმა მოიპოვა სასულიერო პირების ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი მიმართვა მთავრობისადმი, რომელშიც ეწერა:

„ქ. ბათუმში მოქმედ “ორთა ჯამეს” გაფართოების ან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად, მოვითხოვთ სახელმწიფომ უზრუნველყოს ბათუმის “ორთა ჯამეს” რეკონსტრუქცია-რესტავრაცია და სათანადოდ მოწყობა”.

დოკუმენტს ხელს აწერდა დასავლეთ საქართველოს მუფთი და კიდევ 22 სასულიერო პირი. მუსლიმმა აქტივისტებმა მაშინ განაცხადეს, რომ დასავლეთ საქართველოს მუფთს სპეცსამსახურების ზეწოლის პირობებში მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, თუმცა, თავად მუფთმა, ჯემალ პაქსაძემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

ამ ფაქტიდან მალევე სამუფთო სამმართველოს პირველი პირმა, ჯემალ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა.

2015 წელს, აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან მუსლიმთა სამმართველოს 4 მილიონი ლარი გამოუყო. ამასთან, სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადასცა ბათუმში, ანგისის ქუჩა 39-სა და 41 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთები და მათზე არსებული შენობა-ნაგებობები. მუსლიმთა სამმართველომ ბინა სწორედ ამ შენობაში დაიდო [მუფთის რეზიდენცია დღემდე ამ შენობაშია განთავსებული].

იმავე წელს მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რაც ოფიციალურად დაადასტურა ახალმა მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ.

მუფთების ხელმოწერით გავრცელებულმა დოკუმენტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მორწმუნეებში. „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ სამუფთოსთან მორწმუნეების ურთიერთობას ასე ჩამოაყალიბა: „ეს ორგანო (სამუფთო) შექმნილია სახელმწიფოსთვის და არა მუსლიმებისთვის“.

სამუფთოს გარეშე – მუსლიმების თვითორგანიზება ახალი მეჩეთისთვის

მოვლენების მსგავსი განვითარების შემდეგ, მუსლიმებმა „ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“ შექმნეს და წლების წინ წამოწყებული მეჩეთის მშენებლობისთვის შემოწირულობების შეგროვების კამპანია გააძლიერეს. 2016 წელს, მუსლიმებმა გენერალ აბაშიძის #49-ში 2 500 კვადრატული მეტრი მიწა კერძო პირისგან იყიდეს და მერიას ახალი მეჩეთის პროექტი წარუდგინეს დასამტკიცებლად.

მერიამ მუსლიმებს მეჩეთის პროექტზე უარი უთხრა. ბათუმის მაშინდელი მერის გიორგი ერმაკოვი უარის დოკუმენტში წერდა, რომ ტერიტორია, სადაც მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობა სურთ, „მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია“.

მუსლიმებმა მიიჩნიეს, რომ მერის არგუმენტები დისკრიმინაციული იყო და ბრძოლა სასამართლოში განაგრძეს.

2017 წლის ივნისში, მუსლიმების სახელით მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მოპოვების მიზნით, სასამართლოს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ,  -„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI)  და ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მიმართა. სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესების დამცველ ორგანიზაციებს მიაჩნდათ, რომ აღნიშნულ ზონაში, სადაც მერიამ მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრა, განთავსებულია მართლმადიდებლური ეკლესიები, რისთვისაც მიწა სახელმწიფომ გამოყო.

„საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციას წარმოადგენს“, – წერია ამ ორგანიზაციების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელში.

2018 წლის 28 მარტს, ბათუმის მერიას სახალხო დამცველმაც მიმართა და მუსლიმებისთვის უარის დოკუმენტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სასამართლომ მერიას და მუსლიმებს მორიგება შესთავაზა. უკვე ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ თავდაპირველად თქვა, რომ ამ საკითხზე თემთან მოლაპარაკებებს იწყებდა, მოგვიანებით კი მან მუსლიმებს განუცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუკი „მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი, მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში გადავიდოდა.

გიორგი ბოლქვაძე

მუსლიმები მერიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ. ახლა ისინი სასამართლოს განახლებას ელიან და ამბობენ, რომ ეს პროცესიც ჭიანურდება.

მუსლიმები ამბობენ, რომ ხელისუფლება მუსლიმი თემის გაკონტროლებას ცდილობს. მათი აზრით, სწორედ ამ მიზნით შექმნა ხელისუფლებამ მუსლიმთა სამმართველოც, სადაც მუფთებს ხელისუფლება ნიშნავს და ხელფასს უხდის.

ბათუმის მცხოვრები ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

გიორგი ბოლქვაძე რელიგიური ნიშნით შერეულ ოჯახში ცხოვრობს, მამა მუსლიმია, დედა მართლმადიდებელი ქრისტიანი. თავად გიორგიმ კი თავისი რელიგია მოზარდობის ასაკში აირჩია. გიორგის მიაჩნია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ვერ აანალიზებენ, რა დაბრკოლებებს აწყდებიან ყოველდღიურად საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსლიმები.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on შაბათი, 18 აგვისტო, 2018

დაპირებიდან დაპირებამდე

მუსლიმ თემსა და ხელისუფლებას შორის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა. თემა პერმანენტულად – არჩევნების წინ ან სამთავრობო ცვლილების დროს აქტიურდება. მუსლიმი მორწმუნეების პარალელურად ხელისუფლებამ ისევ დაიწყო დაპირებების გაცემა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე.

ის, რომ მეჩეთი აშენდება, ამაზე საუბარი აჭარის მთავრობაში უშუალოდ ზურაბ პატარაძემ გაანახლა. „მუსლიმებთან შეთანხმებული ვართ“, „ტექნიკური საკითხები ზუსტდება“, – ამ ფრაზებს პატარაძე თანამდებობის დატოვებამდე ორი წლის განმავლობაში იმეორებდა.

მარიეტა იობიძე

2018 წლის 4 ივლისს, აჭარის მთავრობაში თორნიკე რიჟვაძე მოვიდა, რომელმაც აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრამდე განაცხადა, რომ „მეჩეთი უნდა აშენდეს, ოღონდ ქართული ფულით“.

ამ განცხადების გამო რიჟვაძე სოციალურ ქსელებში ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. მისი მორიგი განმარტება ამ საკითხზე იყო ასეთი: „სად და როდის უნდა აშენდეს მეჩეთი, ან როგორი უნდა იყოს მისი არქიტექტურა, საზოგადოებასთან კონსენსუსით გადაწყდება“.

ქართველ მუსლიმთა იმედგაცრუება

მუსლიმები წუხან იმის გამო, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებას „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ და მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ფეისბუკში ასე გამოეხმაურა:

„ფეხებზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები. მეჩეთი გაიხსნა და მალე დავიწყებთ მის აშენებას… ვფიცავ, ეს არ იქნება ბათუმში პირველი მეჩეთი, ამის გარდა კიდევ თუ დაგვჭირდება მესამესაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც“.

ტარიელ ნაკაიძის ამ პოსტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა „ფეისბუქზე“. მის პოსტს არასახელმწიფოებრივი უწოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა. საჯაროდ ის  აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ, ბადრი ნაკაშიძემაც გააკრიტიკა. გარკვეული ჯგუფების მხრიდან იყო აგრესიული კომენტარებიც, სადაც ნაკაიძეს ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ.

ამის მიუხედავად ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ახალი მეჩეთის გახსნის საკითხი შეუქცევადი პროცესია: „დასრულდა ის ეპოქა, როცა მუსლიმი ქართველი თავჩაღუნული ეგუებოდა თქვენს (ხელისუფლების) ქმედებებს. მეჩეთსაც ავაშენებთ და ამ ქვეყნის მართვაშიც მივიღებთ მონაწილეობას“.

ლოცვა ფიცრულ მეჩეთში და ეკლესიის პოზიცია

მუსლიმები მეჩეთის მშენებლობისთვის ნებართვის მოსაპოვებლად სამართლებრივ გზით ცდილობენ.  მანამდე კი მათ გამოიყენეს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ახალი მეჩეთისთვის ნაყიდ მიწაზე „მეჩეთი მაინც გახსენეს“. მას შემდეგ მუსლიმები ყოველ პარასკევს ამ ფიცრულშიც ლოცულობენ და ამბობენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს ბოლომდე დაიცავენ.

ბათუმის ახალი მეჩეთი

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, ძირითადად, ნეგატიური გამოხმაურებები აქვს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ყველაზე მრავალრიცხოვან და გავლენიანი რელიგიური ორგანიზაცია შიშობს, რომ მეჩეთის აშენება ბათუმში მეზობელი თურქეთის ინტერესებში შედის. აქ მიიჩნევენ, რომ  მეჩეთების მშენებლობით თურქეთი აჭარის ისლამიზაციას და ამით მასზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

ბათუმში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ყველა ხელისუფლების მხრიდან იმედგაცრუებული არიან. მათ იმედი აქვთ, რომ ამ უფლების განხორციელებას ოდესმე სასამართლოს გზით შეძლებენ.

ბათუმის მეჩეთი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ხელშეშლა ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ხვდება, როგორც საქართველოში რელიგიური თავისუფლების ინდიკატორი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწიური ანგარიშის მიხედვით კი, სადაც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება კეთდება, ნათქვამია, რომ საქართველოში „რელიგიური უმცირესობები კვლავ რჩებიან დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის მსხვერპლი“.

ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის დროს შექმნილი დაბრკოლებები. კერძოდ,  ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, „რაც კიდევ უფრო აფერხებს ბათუმში არსებულ ერთადერთ მეჩეთში გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრას“.

საქართველოს მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, მუსლიმი თემი საქართველოს მოსახლეობის 10.7 პროცენტს წარმოადგენს.

ბათუმის მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ამიტომ პარასკევობით მუსლიმები რიტუალს მეჩეთის მიიდებარე ქუჩაზეც ასრულებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com