მთავარი,სიახლეები

ბრალდებულის ჩვენება „კასრებში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“

17.08.2018 • 3315
ბრალდებულის ჩვენება „კასრებში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“

„ამიხსენით, როგორ შემოვიტანე მარტომ ამდენი იარაღი აქ? კასრებისთვის მიწაც თურმე მე გავთხარე, ჩავმალე… ერთი მტკიცებულება მაინც დაგედოთ, რომ სადმე კასრზე ან რომელიმე იარაღზე ჩემი თითის ანაბეჭდია.

მე სახაზინოს ადვოკატი – ბიძინა ბერიძე საპროცესოს მთავაზობდა რამდენიმე თვის წინ, გაგიშვებენო. დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, რატომ არ დავთანხმდებოდი? ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ აქ პასპორტის დამზადება ვცადე უკანონოდ“, – მიმართა მოსამართლეს ფემბე ოზლემ ოლგუნმა დღევანდელ პროცესზე.

22 აგვისტოს მოსამართლე ლევან გელოვანი „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 25 აგვისტოს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა იწურება. სასამართლომ დღეს ამ საქმეზე თავად ბრალდებულს მოუსმინა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა. პროკურორმა და ადვოკატმა ასევე თქვეს დასკვნითი სიტყვები.

საუბარია ქობულეთში გასული წლის 25 ნოემბერს სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალი, ფემბე ოზლემ ოლგუნია. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოზლემ ოლგუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა.

ფემბე ოლგუნმა დღევანდელ პროცესზე პირველად თქვა, რომ ბათუმში ყალბი პასპორტის დამზადების მოთხოვნით ჩამოვიდა. მას არ უთქვამს, რატომ გამოიქცა თურქეთიდან ან რაში დასჭირდა ყალბი პასპორტის აღება.

ფემბე ოლგუნის წინაპრები აჭარაში, მაჭახლის ხეობაში ცხოვრობდნენ.

„არეულობა იყო თურქეთში. ბევრი ვინმე, ვინც დააკავეს, აღმოჩნდა, რომ უდანაშაულო იყო. თურქეთში დაბრუნება აღარ მინდოდა, აქ ვიყავი ნათესავებთან,“ – უპასუხა პროკურორ პაატა ცეცხლაძეს ბრალდებულმა. პროკურორი დაინტერესდა, რაში დასჭირდა ახალი პასპორტი ბრალდებულს.

„სცადეთ თურქეთში დაბრუნება? თქვენ ხომ ამბობთ, რომ იქ პედაგოგი იყავით?“ – იკითხა ისევ პროკურორმა.

„კი, პედაგოგი ვიყავი, ბოლოს ჟურნალისტადაც ვმუშაობდი. საფრთხე იყო იქ დაბრუნება…“ – დასძინა ბრალდებულმა.

სასამართლოს წინა პროცესზე, ბრალდებულის მამამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფემბე სოციალისტურ მოძრაობაში იყო ჩართული და მას თურქეთის მთავრობა გადატრიალების მცდელობის შემდეგ დევნიდა.

ფემბე ოლგუნმა დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ პასპორტის დასამზადებლად მას ბათუმში მყოფი თურქეთის მოქალაქე ალი ჩეთინ ქაია გააცნეს.

„მან მითხრა, რომ ამას 8 ათასი დოლარი დასჭირდებაო. ეს იქნებოდა პასპორტი, რომლითაც თავისუფლად შევძლებდი ევროპის ქვეყნებში წასვლას…

საბოლოოდ ჩვენ 5 ათას დოლარზე შევთანხმდით. 1500 დოლარი წინასწარ გადავიხადე, მაგრამ ალიმ პირობა არ შეასრულა. მპირდებოდა, მალე გაკეთდებაო,“ – აღნიშნა ფემბე ოლგუნმა.

ალი ჩეთინ ქაიას მეუღლე ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ნუკრი მეგრელიშვილია. მის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოაჩინეს პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღი კასრებში, მდინარის პირას.

ფემბე ოლგუნის მონათხრობის მიხედვით, ის ალის ოჯახს დაუმეგობრდა და პასპორტის მიღებას ელოდებოდა.

„რამდენჯერმე ვნახე ალის ოჯახში ტომარა, სადაც იარაღი იდო… თავი უჩანდა. მითხრეს, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო.

მე მზად ვიყავი არაერთხელ მიმეცა ამის შესახებ ჩვენება გამოძიებისთვის, მაგრამ პროკურატურამ ჩემი ჩვენების მოსმენაზე უარი თქვა.

როცა იარაღი ვნახე და პასპორტს არ მიკეთებდნენ, პოლიციაში წასვლა დავაპირე, მამის ჩამოსვლას ველოდი… ვიდრე ის ჩამოვიდიდა, დამაკავეს“, – თქვა ფემბე ოლგუნმა. მისი თქმით, ჩხრეკასა და დაკავებას ადვოკატი არ ესწრებოდა, ხოლო თარჯიმანმა თურქული არ იცოდა.

სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა ალი ჩეთინ ქაიამ. პოლიციელების გარდა, იგი ერთადერთი მოწმეა, ვინც ადასტურებს იმას, რომ კასრში აღმოჩენილი იარაღი ფემბეს ეკუთვნოდა.

ალი ჩეთინ ქაიას ჩვენების მიხედვით, ის ბათუმში ვაჭრობის მიზნით იმყოფება და იარაღთან შეხება საერთოდ არ აქვს. ალის თქმით, იგი ფემბეს დაუმეგობრდა, რადგან ორივე თურქეთის მოქალაქეა.

ალი ჩეთინ ქაიამ და მისმა მეუღლემ სასამართლოს უთხრეს, რომ ფემბეს იარაღის შეძენის სურვილი ჰქონდა.

„მთხოვა, იარაღის შეძენაში დავხმარებოდი, რაზეც უარი ვუთხარი. რამდენიმე დღის შემდეგ კასრით მოვიდა და მითხრა, სოფელში ამის გადამალვაში დამეხმარეო,“ – აღნიშნა ალიმ წინა სასამართლო პროცესზე.

ფემბე ოლგუნის მამის თქმით, იარაღის საქმეში ალინ ჩეთინ ქაია იყო ჩართული და ის ამის გამო თურქეთში სასჯელს იხდიდა. ფემბეს ოჯახის წევრები ყვებიან, რომ გამოძიებას რეალურად ალი ჩეთინ ქაია უნდა დაეკავებია.

პროკურატურას ამ საქმეზე კიდევ ერთი გამოძიება აქვს დაწყებული – დანაშაულის შეუტყობინებლობა, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა. ალი ჩეთინ ქაია, ფემბე ოლგუნის ოჯახის წევრების თქმით, ისევ ბათუმშია და თავის საქმიანობას განაგრძობს.

რა მოხდა რეალურად, რა ვერსიას გვთავაზობს პროკურატურა? – პროკურორმა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი გვითხრა.

პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ვერც დასკვნით სიტყვაში დაასაბუთა, რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა, მაგალითად, იარაღზე თითის ანაბეჭდებზე.

„ჩვენ წარმოვადგინეთ საკმარისი მტკიცებულებები,“ – თქვა მან.

„მე არ ვარ ვალდებული, ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. თქვენ, რადგან პროკურორი ხართ, ვალდებული ხართ დაგემტკიცებინათ ის, რომ დამნაშავე ვარ,“ – რეპლიკით მიმართა ბრალდებულმა პროკურორს გისოსებიდან.

მნიშვნელოვანი დეტალები:

პროკურატურას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდებოდა ფემბე ოლგუნის რაიმე სახის კავშირი კასრში აღმოჩენილ იარაღთან.

პროკურატურას არ განუმარტავს, როგორ მოახერხა თურქეთიდან ჩამოსულმა ქალმა იარაღის შემოტანა და კასრებში ჩამარხვა, თუ ის მარტო მოქმედებდა.

ამ დრომდე კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე სხვა პირის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს.

კასრებიდან იარაღის ამოღებას თავად ბრალდებული არ დასწრებია. ამ დროისთვის ფემბე ოლგუნი სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავდათ.

პროკურატურამ სასამართლო გამოძიების ეტაპზე უარი თქვა ფემბე ოლგუნის ჩვენების მოსმენაზე. ბრალდებულმა სასამართლოს წინა პროცესებზე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემის სურვილი არაერთხელ გააჟღერა და თქვა, რომ კონკრეტული ფაქტებზე მიაწვდიდა ინფორმაციას გამოძიებას.

კასრში იარაღის აღმოჩენის მეორე დღეს შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც კასრებიდან იარაღის ამოღება ჩანს. სასამართლო პროცესზე გამომძიებლებმა თქვეს, რომ ამ პროცესის ვიდეოგადაღება არავის მოუხდენია და საგამოძიებო მოქმედება ვიდეოკადრების გადაღებას არ ითვალისწინებდა.

ამ თემაზე:

პატიმარი თურქი ქალის მამა: ფემბე სოციალისტია, თურქეთში არეულობა რომ დაიწყო, აქეთ წამოვიდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: