მთავარი,სიახლეები

მსხვერპლი ბავშვები და მათი გასამართლებული მშობლები – ფსიქოლოგის შეფასება

22.08.2018 • 3235
მსხვერპლი ბავშვები და მათი გასამართლებული მშობლები – ფსიქოლოგის შეფასება

„სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“, – ასეა აღწერილი ერთ-ერთი 13 წლის გოგოს ცემის შემთხვევა. მსგავს ფრაზას სხვა განაჩენებშიც ნახავთ, სადაც აღწერილია, როგორ სცემა ბავშვი მამამ, დედამ ან ბიძიამ. არასრულწლოვნის ცემის შემდეგ, ძირითადად, საპროცესო შეთანხმება ფორმდება. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა შეიცვალა ბავშვებისა და მათზე მოძალადეებისთვის სასჯელის შეფარდების შემდეგ.

ბიძამ 13 წლის დისშვილს სახლში დაგვიანებით დაბრუნებისთვის სცემა

13 წლის მარიას [სტატიაში სახელები შეცვლილია] 2018 წლის 15 აპრილს ბიძამ სცემა. საქმის მასალების მიხედვით, შეკამათების შემდეგ მარიას ბიძამ, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, სახეში სცემა ხელებით და ფეხებით. ცემის ფაქტს ოჯახის სხვა წევრებიც შეესწრნენ, მაგრამ პოლიციისთვის ეს ამბავი არავის შეუტყობინებია.

მარია მეორე დღეს სკოლაში ვეღარ წავიდა – სახე ჩაულურჯდა. სკოლაში დედამ დარეკა და თქვა, რომ ბავშვს სიცხე ჰქონდა. სამი დღის შემდეგ მარია სკოლაში გამოჩნდა, თუმცა მას თვალები ისევ ჩალურჯებული ჰქონდა. სკოლის მანდატურთან გასაუბრების დროს მარიას კონფლიქტი ბიძიასთან არ დაუმალავს. მანდატურმა ძალადობის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

„ბიძიამ იმ საღამოს გააგზავნა პურის საყიდლად და სამი საათი დააგვიანა,“ – გვიყვება ადვოკატი მერი ცინარიძე. – „როცა დაბრუნა, ბიძიამ უსაყვედურა, სად იყავი ამდენ ხანსო. მერე დაქალთან წავიდა, მალე დავბრუნდებიო და შუაღამეზე დაბრუნდა. ამ დროს დაარტყა ბიძიამ დისშვილს სახეში…“

ბიძამ – გ.მ.-მ დანაშაული მაშინვე აღიარა, დისშვილმა კი ის წერილი დაწერა, რასაც ნაცემი ადამიანები ხშირად წერენ და უგზავნიან მოსამართლეს – „ბიძიას შევურიგდი და მისი დასჯა არ მსურს“.

ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ივნისში გამოიტანა. გ.მ.-ს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

მამამ შვილს „ერთჯერადად მუშტი დაარტყა სახეში“

საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურასთან ე.ა.-მაც. მან არასრულწლოვან შვილს სახეში მუშტი დაარტყა. „მან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთჯერადად მუშტი დაარტყა სახის არეში, რამაც ი. კ.-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,“ – წერია სასამართლოს განაჩენში.

ე.ა.-ს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

ნაცემი ბავშვის დედა: „ეს თუ სამართალია, იყოს…“

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაასრულა 11 წლის ბიჭის სასტიკად ცემის საქმის განხილვა. მამამ 11 წლის ბიჭს იმის გამო სცემა, რომ ის სკოლაში არ წავიდა.

სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ნაცემმა ბავშვმაც, თუმცა მისი ჩვენება მამას არ მოუსმენია. იმის გამო, რომ ბავშვზე მამას ფსიქოლოგიურად არ ეძალადა, მამას პროცესი დაატოვებინეს. არასრულწლოვანმა მოსამართლეს ჩვენება დახურულ პროცესზე მისცა.

სხდომის დახურვამდე ბავშვის დედამ მოსამართლეს უთხრა: „ბავშვი მოწამლული იყო და სკოლაში მე არ გავუშვი. იმ დღეს სამსახური მქონდა და დილით ბავშვი მამის ოჯახში დავტოვე [ბავშვის დედ-მამა განქორწინებულია]. დამირეკა შვილმა, მოდი სასწრაფოდ და წამიყვანეო. მივედი. ეზოში იდგა ფეხშიშველი და ხმას არ იღებდა… სახლში შესვლა აღარ მინდაო. სოფელში წავედით ჩემებთან. გზაშიც არაფერი მითხრა, არც სახლში უთქვამს რამე. დაძინების დროს აღმოვაჩინე, ზურგი დაწითლებული ჰქონდა. მაშინ მითხრა, მამამ მცემაო…“

დედის ჩვენების მიხედვით, მას პოლიციისთვის არ დაურეკავს. თქვა, რომ სასწრაფო გამოიძახა და მოულოდნელად პოლიციელებიც მოვიდნენ: „ყოფილ მეუღლესაც ველაპარაკე, ეს რა გააკეთე-მეთქი. ღირსი იყო და ვცემეო, ასე მიპასუხა“.

ბავშვის ცემის ამ შემთხვევაზეც ბრალდებულსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებით, რ.ჟ.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც ჩაეთვალა პირობით ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით.

„შეიცვალა ის, რომ არც მე და არც ჩემს შვილს არანაირი კავშირი მასთან აღარ გვაქვს,“ – გვითხრა ნაცემი ბავშვის დედამ. მისი აზრით, სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის გამოყენება არ არის ეფექტური და დამნაშავეს არ აქვს განცდა, რომ ის დაისაჯა.

 

პირობითი მსჯავრი არაფერს ცვლის, ჩვეულებრივ არის გარეთ, რა შეიცვალა ჩემთვის ან ბავშვისთვის? ასე გადაწყვიტეს და ეს თუ სამართალია, იყოს,“ – გვითხრა ბავშვის დედამ.

„ბათუმელები“ 11 წლის ბავშვის ცემისთვის გასამართლებულ რ.ჟ.-საც დაუკავშირდა.

„მე ხომ სასამართლომ გამამართლა, არ ვარ დამნაშავე. გაუგებარია, რატომ მირეკავთ მე“, – გვითხრა მან მოკლედ.

რას ნიშნავს სამართლებრივად დასჯილი მამის ფრაზა: „მე სასამართლომ გამამართლა“

„გამოდის, რომ ადამიანმა მთელი მართლმსაჯულების სისტემა გაიარა – გამომძიებელი, ადვოკატი, პროკურორი, მოსამართლე და მასში არაფერი შეცვლილა,“ – ასე აფასებს 11 წლის ბავშვის ცემისთვის გასამართლებული მამის ფრაზას ფსიქოლოგი მაია ცირამუა. იგი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ამოცანა დამნაშავეში სინანულის განცდის გაჩენა უნდა იყოს, რაც ჩვენს რეალობაში იშვიათობაა.

მაია ცირამუა ფიქრობს, რომ არც თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და ადამიანის ციხეში გამოკეტვაა გამოსავალი. ფსიქოლოგის აზრით, ქვეყანამ აქტიურად უნდა გაიზიაროს დასავლური პრაქტიკა და განსაკუთრებით ძალადობის შემთხვევებში სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამები უნდა აამუშავოს.

„მგონია, რომ დღეს მართლმსაჯულების სისტემაში მთავარი საკითხი, რაც დგას, არის არა ის, თუ ვის რამდენ წელს უსჯიან, არამედ ის, თუ ვინ რამდენად იაზრებს ჩადენილ დანაშაულს, ვის რამდენად ეძლევა შანსი, რომ მართლა „სუფთა ფურცლიდან“ გააგრძელოს ცხოვრება. ამ შემთხვევაში ამ ადამიანს აქვს განცდა, რომ საერთოდ არ შეხებია არაფერი მას და ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა თუ მიეცემა, ხვალაც გააგრძელებს იმავეს.

განსაკუთრებით მძაფრია ეს პრობლემა, როცა საქმე ბავშვზე ძალადობას ეხება. ბავშვი, მით უმეტეს განქორწინების შემთხვევაში, ხშირად არის „კავკასიურ ცარცის წრეში“, ხშირად ხდება შურისძიების, ანგარიშსწორების იარაღი. ჩვენ არანაირი მცდელობაც კი არ გვქონია, რომ ამ კუთხით გვემუშავა. რეალურად ყველა მოძალადე ადამიანის უკან ძალიან მძიმე ისტორიაა. ხანდახან ძალადობა ადამიანისთვის ერთადერთი საშუალებაა სამყაროსთან ურთიერთობის, რადგან მან ასე ისწავლა, თავი ასე დაიმკვიდრა და ეს არის მისი თვითგამოხატვის საშუალება,“ – გვითხრა მაია ცირამუამ.

ფსიქოლოგი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „მოძალადის რეაბილიტაციას აზრი არ აქვს და ეს ტყუილად დახარჯული ფული იქნება“. მაია ცირამუა ნეიროგენეზისის თანამედროვე მიღწევებზე გვესაუბრება, რომლის მიხედვითაც ადამიანის ტვინის უჯრედებს აქვთ განახლების და შეცვლის შანსი.

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თანამედროვე ამერიკელი მეცნიერის, დენიელ რეისელის ბოლო საჯარო ლექცია ნეიროგენეზისის ფენომენის შესახებ. ის ამბობს, რომ ქრომოსომულ დონეზეც კი შესაძლებელია ადამიანი შეცვალო, რომ შესაძლებელია შეიცვალოს არა მხოლოდ თვითონ, არამედ შეიცვალოს გენეტიკურ დონეზე…

გამოსავალი არაა თავისუფლების აღკვეთა. რაც უფრო მეტ დროს გაატარებს ადამიანი გისოსებს მიღმა, მით უფრო იზრდება დანაშაულის გაზრდის რისკი. ეს ასეა ყველგან და არა მხოლოდ საქართველოში. იზოლირება არის მხოლოდ დროებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიება. იმ წლების შემდეგ ორმაგდება ძალადობის რისკები,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ვინ ზრუნავს ბავშვზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან სოციალური მუშაკი ფსიქოლოგთან ერთად მუშაობს. ამ სახელმწიფო სერვისით სარგებლობს 11 წლის ნაცემი ბიჭიც. ბავშვის დედა ამბობს, რომ ოჯახის ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა: „ალიმენტს არ გვიხდის, მძიმე ფინანსური მდგომარეობა მაქვს, ჩემი ყოფილი მეუღლე საერთოდ აღარ ჩნდება, აღარც ბავშვს უნდა მამის ხსენება…“, – გვითხრა მან.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები დაიცვას… კარგ სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს შეუძლია დაანახოს მშობელს, თუ როგორ შეიძლება დააზიანოს ამ პროცესმა ბავშვი,“ – მიიჩნევს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

როგორ უნდა მუშაობდეს სახელმწიფოს სერვისი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან?

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი: „როდესაც ბავშვი მსხვერპლია, პირველი რიგის ამოცანა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური თვალსაზრისით. უნდა არსებობდეს მულტიდისციპლინური გუნდი, სადაც სპეციალისტები აფასებენ ბავშვის მდგომარეობას და აწვდიან ბავშვს შესაბამის სერვისს. შეიძლება ეს იყოს ფსიქოლოგთან ინდივიდუალური მუშაობა, ან მას ჰქონდეს ემოციური რეგულაციის პრობლემა და ჩაერთოს ჯგუფურ, სპორტულ აქტივობებში. ხშირ შემთხვევაში, დაზიანების ნიშნები შესაძლოა სახეზე არ იყოს, თუმცა საჭიროა დაკვირვება: როგორია ბავშვის განვითარება, მისი ინდივიდუალური მახასიათებლები… მთავარია, სწორად განისაზღვროს, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი და შესაბამისი აქტივობები განხორციელდეს ისე, რომ ბავშვი არ დარჩეს მსხვერპლის როლში, ან იმ რისკის წინაშე, რომ ხვალ თვითონ დაიწყოს სხვებზე ძალადობა.

ის, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ თვითონ გახდება მოძალადე, ან მსხვერპლის როლში დარჩება. ყველას აქვს თავისი შინაგანი რესურსები და არსებობენ სტრესმედეგი ადამიანები. მსხვერპლ ბავშვებს აქვთ გარკვეული რისკები, რომ მათი ცხოვრება ამ მიმართულებით წავიდეს. ამიტომაცაა ამ თემაზე მუშაობა განსაკუთრებით საფრთხილო და საპასუხისმგებლო“.

 


საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის პარტნიორები არიან: რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: