მთავარი,სიახლეები

ქართველების ბიზნესი თურქეთში

13.08.2018 • 8532
ქართველების ბიზნესი თურქეთში

„მიდი, აბა და თურქეთში გააკეთე ბიზნესი,“ „ქართველს თურქეთში ბიზნესის კეთების უფლებას ვინ მისცემს,“ „ჩვენები იქ მხოლოდ მოსამსახურეებად ჰყავთ“, – ეს და სხვა მსგავსი ფრაზები ანტითურქული განწყობის მქონე ადამიანებისგან მოსმენილი გექნებათ. თემა მაშინ აქტიურდება, როცა ბათუმში თურქეთის მოქალაქეების ბიზნესის რაოდენობაზე კეთდება აქცენტი.

„ბათუმელები“ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომუშავე რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს ესაუბრა.

თეა ჩიქოვანი ერთ-ერთი ქართველია, ვისაც თურქეთში ბიზნესი აქვს. პირველი ქართული რესტორანი სტამბოლში მან 2001 წელს გახსნა. დღეს ის ბიზნესპარტნიორთან – ლაშა იმნაძესთან ერთად რესტორანსაც ამუშავებს და სამშენებლო მასალების ბიზნესიც აქვს.

თეა ჩიქოვანი

„იმ წლებში, როცა რესტორანი გავხსენი, აქ ქართული თითქმის არაფერი იყო. რესტორანი აქსარაის დასახლებაში მაქვს. აქ ახლა ძალიან ბევრ ქართველს ნახავთ, ვინც ვაჭრობითაა დაკავებული. მე თურქეთში დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და აქ ვარჩიე დარჩენა. რესტორანი როცა გავხსენი, ჩვეულებრივი კონკურენცია ვიგრძენი, განსაკუთრებული არაფერი,“ – გვიყვება თეა ჩიქოვანი.

რამდენიმე წლის წინ თეამ თურქეთის მოქალაქეობაც მიიღო. ამბობს, რომ რამდენჯერმე

ნაფიცი მსაჯულობაც მოუწია.

რამდენად ხშირად იწყებენ ქართველები ბიზნესს თურქეთში და თუ არ იწყებენ, რა არის ამის მიზეზი? – თეა ჩიქოვანის დაკვირვებით, ქართველები სტამბოლში იშვიათად იწყებენ მსხვილ ბიზნესს და უფრო მომსახურების სფეროთი ან ვაჭრობით კავდებიან.

„ამას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი, ალბათ, არის ის, რომ ჩვენ, ზოგადად, ბიზნესის კეთება გვიჭირს, ამის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს, არსებობს ნდობის ნაკლებობა, ეჭვიანი ხალხი ვართ, არ ჩანს მონდომება… მე არ მახსენდება ვინმე, რომ აი, რომელიმე ქართველმა ფული ჩადო საქმეში და არ გამოვიდა, დაუშალეს. ქართველებს უფრო სურვილი აქვთ, რომ საქართველოში ჩადონ ფული თურქეთის მოქალაქეებმა,“ – გვითხრა თეა ჩიქოვანმა.

თეა ჩიქოვანის განმარტებით, ბიზნესის დაწყება თურქეთში უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის პროცედურულად რთული არ არის და დაახლოებით 2-3 ათასი ლირა ჯდება.

„თავდაპირველად მიდიხარ ბიზნესმენთა პალატაში, სადაც აკეთებ განაცხადს და რეგისტრირდები. ამის შემდეგ საქმეს ენიჭება ნომერი და საგადასახადოში რეგისტრირდები. შემდეგ ჩვეულებრივად იხდი გადასახადებს,“ – გვითხრა თეა ჩიქოვანმა.

კაფე JOY სტამბოლის პრესტიჟულ უბანში, ლურჯ მეჩეთთან ახლოს ლანჩხუთელმა შორენა იმნაძემ ორი წლის წინ გახსნა.

შორენა იმნაძე

„კაფე თურქ მეგობრებთან ერთად გავხსენი, მე ერთ-ერთი მეწილე ვარ… ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ენის ცოდნაა. თუ ადამიანმა ენა იცის, შეუძლია გააკეთოს ბიზნესი აქ. მე, პირადად, არანაირი შეფერხება არ მქონია. პირიქით, ვგრძნობ, რომ განსაკუთრებულად უყვართ ქართველები,“ – ამბობს შორენა იმნაძე.

ზუსტად 10 წლის წინ ბათუმიდან თურქეთში სამუშაოდ წავიდა ჯემალ კიკვაძე. თავდაპირველად ხალიჩების მაღაზიაში მუშაობდა კონსულტანტად, ახლა ტკბილეულის ბიზნესი აქვს.

„გაჭირვების გამო წამოვედი. საქართველოში დიპლომიანი ხალხი ვერ ნახულობს სამსახურს და მე რას ვნახავდი. ხალიჩების მაღაზიაში 6 წელი ვიმუშავე. თავიდან თურქულიც არ ვიცოდი, მიჭირდა… მერე იმ ხალხის ნდობა დავიმსახურე და ტკბილეულის მაღაზია როცა გახსნეს, მენეჯერად წამიყვანეს, გამიმართლა“, – გვიყვება ჯემალ კიკვაძე.

ფართობი ტკბილეულის მაღაზიისთვის აია სოფიას ტაძართან ახლოს აუღიათ იჯარით. სიამაყით ამბობს, რომ მისი მენეჯერობის პირობებში მაღაზიას წარმატებები ჰქონდა. ახლა ის ტკბილეულის მაღაზიის მეწილეცაა.

„48 სახეობის ლუხუმს ვაწარმოებთ, 25 სახეობის ბაქლავას. ახლა მეც მეწილე ვარ ამ მაღაზიის… ბიზნესის კეთება ყველგან რთულია, ყველგან არის რაღაც ხრიკები, რაც უნდა იცოდე, ცოდნაა საჭირო და საიმედო პარტნიორის პოვნა. მე არსად მიგრძნია ხელშეშლა იმის გამო, რომ აქ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ. ოჯახით აქ ვცხოვრობ… წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, მეტი დრო არ მაქვს, ფარცხანაყანებში მაქვს სახლი, ისე ბათუმში გავიზარდე“, – ასრულებს ის საუბარს.

ჯემალ კიკვაძე

მთავარი ფოტო: ჯემალ კიკვაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: