თურქული ლირის კურსის ვარდნა ტენდერიდან კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი თურქული ლირის კურსი გახდა.

ეკომიგრანტებისთვის ხუთსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი.

კომპანია „ჯი ინშაათი“ მუნიციპალიტეტს სახლის მშენებლობას 999 ათას 999 ლარად სთავაზობს, ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტი, „მომავლის ხედვა“ კი – 1 მილიონ 270 ათას ლარად.

სატენდერო კომისიამ 2018 წლის პირველ აგვისტომდე „ჯი ინშაათს“ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა, საბოლოოდ კი დისკვალიფიკაცია მისცა.

კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „კომპანიას ანალოგიურ შესრულებულ სამუშაოებზე წარდგენილი აქვს 9716360.19 თურქული ლირის ღირებულების სამუშაოების დამადასტურებელი ანგარიშფაქტურები, რაც დღეის მდგომარეობით [2018 წლის 8 აგვისტო] ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით [1 ლარი-0,4816ლირა] შეადგენს 4679399.06 ლარს. წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 5 000 000 ლარის სამუშაოების დამადასტურებელი ანგარიშფაქტურები, რის გამოც კომპანია ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ტენდერის პროცედურებიდან“. 

„ჯი ინშაათმა“ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიმართა და კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კომპანიის საჩივარში აღნიშნულია:

„ქედის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ არასწორად მოხდა გამოცდილების დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურების ჯამის დაანგარიშება., კერძოდ, კომისიის მიერ ვალუტის გაცვლითი კურსის დაანგარიშება მოხდა ოქმის შედგენის დროს [8 აგვისტოს] არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით და არა წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების თარიღების მიხედვით“.

კომპანიამ საჩივარში მაგალითისთვის მათ მიერ სისტემის მეშვეობით ატვირთული ანგარიშფაქტურების თანხობრივი რაოდენობა მიუთითა თარიღების მიხედვით, რომელთა თანხობრივი ჯამი, როგორც კომპანია აცხადებს, სრულიად აკმაყოფილებს სატენდერო წინადადებით მოთხოვნილ 5 მილიონი ლარის გამოცდილების დამადასტურებელ მოთხოვნას:

  • 540 176,46 თურქული ლირა (14/04/2016) – გაცვლითი კურსი (0,7944)
  • 705 590,83 თურქული ლირა (23/06/2016) -გაცვლითი კურსი (0,7654)
  • 7 422 732 (თურქული ლირა (19/02/2017) – გაცვლითი კურსი ( 0,7106)
  • 659 872,57 თურქული ლირა (23/08/2017) -გაცვლითი კურსი (0,6835 )

„ყოველივე ზემოთხსენებულის გამო არ ვეთანხმებით სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, რადგანაც გაცვლითი სავალუტო კურსის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა ოქმის შედგენის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით, არამედ ატვირთული ანგარიშ-ფაქტურების შედგენის თარიღების მიხედვით“, – აცხადებს „ჯი ინშაათი“.

დავების საბჭო კომპანიის საჩივარს 2018 წლის 16 აგვისტოს განიხილავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com