„ქართული მარში“ ბათუმში ქსენოფობიურ აქციას მართავს

ამ წუთებში „ქართული მარში“ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, აწყობს მსვლელობას. მათ აქვთ გამოტანილი ხატები, ასევე საქართველს ძველი და ახალი დროშები. ქსენოფობიური [ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „შიშს უცხოელის მიმართ“] აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩაზე სკანდირებენ – „საქართველო თურქ სელჩუკების გარეშე“, „საქართველო თურქების გარეშე“.

მანამდე ვარდების სკვერში „მარშის“ ლიდერმა სანდო ბრეგაძემ  შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ „ბინძური მიხეილ სააკაშვილის სკვერი არ იარსებებს“. სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ ისინი „ამ ყველაფერს დაანგრევენ ისე, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპი მცხეთაში“.

სანდრო ბრეგაძემ თავის გამოსვლაში მიუთითა ბათუმის მთავრობას, რომ სწორედ ვარდების სკვერში უნდა დაიდგას დავით აღმაშენებლის ძეგლი და არა „სადღაც შორს“, რასაც აპირებს „თურქეთის კონსულისგან შეშინებული და ჩასვრილი მთავრობა“.

სანდრო ბრეგაძე „სადღაც შორ“ ადგილად მიიჩნევს აღმაშენებლის ქუჩას ბათუმში, სადაც ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაიდგას.

სანდრო ბრეგაძემ ასევე თქვა, რომ ვარდების სკვერში დაიდგმება „სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლიც, გადმოვა ცენტრში მემედ აბაშიძის ძეგლი, აქ აღიმართება ზვიად გამსახურდიას ძეგლი და აუცილებლად მონუმენტი საქართველოს განმათავისუფლებლებისა“.

ბრეგაძემ ასევე გაიხსენა თბილისში აღმაშენებლის გამზირი და თქვა, რომ როცა ისინი ბათუმში ქუთაისში ან თბილისში აღმაშენებლის გამზირზე დემონსტრაციებს გეგმავენ, „მთელი მთავრობა რეკავს, რომ იქნება ბიჭებო არ გაიაროთ ამ ქუჩაზე“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან