მთავარი,სიახლეები

საშემოდგომო გაწვევა 13 აგვისტოს დაიწყება და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება

12.08.2018 • 3459
საშემოდგომო გაწვევა 13 აგვისტოს დაიწყება და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით, მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევა 2018 წლის 13 აგვისტოს დაიწყება და  2018 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენოილების მიხედვით:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1800-ით;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1395-ით;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1370-ით;

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 200-ით.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 21 აგვისტომდე უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, შესაბამისი გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

მთავრობის დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და შესაბამის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: