აჭარას 1 000 000 მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს –  საერთაშორისო ფესტივალი 3 სექტემბრიდან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-8 სექტემბერს, აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში რეგიონში მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გეგმავენ  აჭარაში ჩამოსვლას. ფრინველებზე დაკვირვება შთამბეჭდავი სანახაობა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა და გიდების თანხლებით ყოველდღიურად მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტაში, სოფელი ჩაისუბანში, სოფელი სახალვაშოში, ბათუმის ზღვისპირა პარკში, ნავსადგურსა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ასევე გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები, რომლებზეც დასწრება, ექსკურსიებში მონაწილეობის მსგავსად, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ტურიზმის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფესტივალს დაესწრებიან ქართველი სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ექსპერტთა ჯგუფი, ასევე აჭარაში არსებული ტურისტული სააგენტოები, ჟურნალისტები, უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლები.

ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2012 წლიდან იმართება.

ტურიზმის დეპარტამენტის განმარტებით: „ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი “აღმოსავლეთ შავი ზღვის საემიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და მსოფლიოში მესამე ადგილზეა.“

ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს იხსნება და 16 ოქტომბრამდე გრძელდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი