მთავარი,სიახლეები

მახინჯაურში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, მოსახლეობის ზარალს „ქართუ“ ითვლის

10.08.2018 • 6591
მახინჯაურში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, მოსახლეობის ზარალს „ქართუ“  ითვლის

მახინჯაურში, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს და დღეს მოქალაქეებს სახლები დაეტბორათ, ზარალს ფონდი „ქართუ“ ითვლის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და ტალახიანი წყალი პირდაპირ მოქალაქეების სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივების თქმით, ეს მილები ხეების გატანის პროცესში იმ კომპანიამ დაამონტაჟა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გადააქვს.

„ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირებმა აცნობეს, რომ ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელი დატბორილი სახლების მეპატრონეებს გაესაუბრა და უთხრა, რომ მათთან შესახვედრად „ქართუს“ იურისტი მივიდოდა, „ზარალს აღწერს და დაგეხმარებათო“. მოგვიანებით ეს არც ხელვაჩაურის მერმა და არც მახინჯაურის თემში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელმა არ დაადასტურეს. თუმცა, ინფორმაცია მოსახლეობას „ბათუმელებისთვის“ არ დაუმალია.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნაილი ელიაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ქართუს“ იურისტი დაზარალებულებთან ნამდვილად მივიდა. „გვითხრა, ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც დაგიზიანდათო, რაც მახსოვდა, ჩამოვწერე“, – ამბობს ნაილი ელიაძე.

მახინჯაურში მცხოვრებთა თქმით, „ქართუს“ სახელით მათთან „ვინმე დემეტრაშვილი იმყოფებოდა“, რომელსაც მათთვის პირადი ტელეფონის ნომერი არ დაუტოვებია.

დაზუსტება: შპს „ურეკი რეზიდენსის“ წარმომადგენელი ბესო დემეტრაშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მახინჯაურში სამ ოჯახს არა „ქართუ“, არამედ „ურეკი რეზიდენსი“ აუნაზღაურებს ზარალს, გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიაზე ეს კომპანია აწარმოებს სამუშაოებს. დემეტრაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დიდი ნალექი იყო და სახლები ბევრგან დაიტბორა, ისინი არ აპირებენ ექსპერტიზის გზით იმის გარკვევას, ამ სამ ოჯახს მათ მიერ შესრულებული სამუშაოების გამო მიადგა თუ არა ზარალ.

მახინჯაური დღეს წვიმის შემდეგ

დღეს, ძლიერი წვიმის შედეგად,  მახინჯაურში პატარა ღელე ადიდდა და რამდენიმე ოჯახის სახლში შევარდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს  წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები არ დაუტბორია არასდროს, ეზოებამდეც კი არ მიუღწევია.

მართალია, ღელეს წყლის მილში მოქცევასა და მისი კალაპოტიდან გადმოსვლის  გამო სახლების დატბორვას შორის კავშირს ხელვაჩაურის მერიაში ვერ ხედავენ, თუმცა, აქ მცხოვრებთა თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შემსრულებლები მომხდართან დაკავშირებით პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებასაც ჰპირდებიან.

„ბათუმელები“ ცდილობს „ქართუ ჯგუფში“ გადაამოწმოს ნამდვილად აპირებენ თუ არა მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებას. ინფორმაციას მისი მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მახინჯაურში, ამ მონაკვეთში ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისგან ერთი ხე იყიდა, ხოლო დანარჩენებს კომპენსაცია ხის გატარების სანაცვლოდ გადაუხადა.

მახინჯაური, ტერიტორია წვიმის შემდეგ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს

ამავე თემაზე:

ვითარება წვიმის შემდეგ მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს (ფოტო, ვიდეო)

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: