ბათუმის ნაწილს სასმელი წყალი რეზერვუარებიდან, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება

დღეს, 10 აგვისტოს, აჭარაში ძლიერი წვიმის გამო ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებიდან წყალმომარაგება შეზღუდულია. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარეები, მაღალია წყლის სიმღვრივის მაჩვენებელიც, ამიტომ ქალაქს სასმელი წყალი რეზერვუარებიდან მიეწოდება.

„წყლის მიწოდება შეუწყდა ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. ამ დასახლებებში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება მას შემდეგ, რაც სათავე ნაგებობებზე წყლის დონე და სიმღვრივის მაჩვენებელი დაიკლებს,“ – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ სიტუაცია სათავე ნაგებობებზე არ შეიცვალა, აქვთ წყალმომარაგების ალტერნატივა მეჯინისწყლის ჭაბურღილების სახით, საიდანაც მომარაგდება ბათუმის ცენტრალური ნაწილი და შეეცდებიან წყალი გარეუბნებსაც მიაწოდონ.

ძლიერი წვიმის გამო დღეს ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში დაიტბორა გზები და ქუჩები, ზოგან განვითარდა მეწყერი.

 

მთავარი ფოტო: სასმელი წყლის სათავე ნაგებობა /10.08.2018/ ფოტო: „ბათუმის წყალი“
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com