ჩაქვში წყალდიდობის გამო მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა წყალდიდობის გამო, ამ დროისთვის [11:25 სთ.] შეფერხებულია.

„გზაზე დგას წყალი, ჩვენი ინფორმაციით, გზა ან ხიდი დაზიანებული არ არის. ადგილზე ამ წუთებში გავიდა სპეციალური სამსახური და ყველაფერი გაკეთდება, რომ მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში, რაც შეიძლება მალე აღდგეს“ – გვითხრეს დეპარტამენტში.

ადგილზე მყოფი მგზავრების თქმით, გზაზე არის საცობი, ავტომანქანები ქაოტურად გადაადგილდებიან და მოძრაობას საპატრულო პოლიცია არ არეგულირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ყველა ზონაში, რომელიც საპატრულო პოლიციას ეხება, გასულია პოლიციის ეკიპაჟები.

აჭარაში დღეს დილიდან კოკისპირულად წვიმდა. უხვი ნალექის გამო ბათუმში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com