მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძის მორიგი კომენტარი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

09.08.2018 • 4170
თორნიკე რიჟვაძის მორიგი კომენტარი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვეს, მათ შორის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც. „მე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში ეს პროცესი (ახალი მეჩეთის მშენებლობა იგულისხმება) მიმდინარეობს. მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ამ პოზიციაზე ვრჩები.

შესაბამისად, როცა პროცესი იქნება დასრულებისკენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას  უფრო მეტი წვდომა ექნება დეტალებზე – როგორ, როდის და ა.შ. ამიტომ, ამ ნაწილში მეტი წიაღსვლები ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, – განაცხადა მან.

თორნიკე რიჟვაძემ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით  კომენტარი პირველად 21 ივლისს გააკეთა. მან თქვა, რომ „აჭარა არის მულტიკულტურული, მულტირელიგიური და, შესაბამისად, საზოგადოებასთან კონსენსუსით უნდა იმოქმედონ“.

კითხვაზე, – რა ფორმატში აპირებს ის საზოგადოებრივი აზრის მოსმენას ამ საკითხზე? თორნიკე რიჟვაძე ამბობს: „ეს არის ყველა იმ დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობით, რომელიც ჩვენს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში არის მიზანშეწონილი. ეს გულისხმობს, როგორც  დაინტერესებული ჯგუფების პირდაპირ ჩართულობას, ასევე მრევლის ჩართულობასაც. რაც უფრო ნაკლებად იქნებიან პოლიტიკოსები ჩართული, უფრო კარგი იქნება საკითხის სწორი და სახელმწიფოებრივად მოგვარებისთვის“.

მისი თქმით, ამ საკითხში სახელმწიფო უნდა იყოს იმ დოზით ჩართული, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: