კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ – მერია

ბათუმის მერია M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების [მიკროავტობუსების] ტექნიკურ დათვალიერებას იწყებს.

„ტექდათვალიერების მიზანი ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევაა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს. შემოწმების პროცესი გოგოლის ქ. #1-ში, 10-დან 17 აგვისტოს ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მიკროავტობუსების დათვალიერების დასრულების შემდეგ კომისიის დასკვნა საკრებულოს წარედგინება გამარჯვებულზე ნებართვის გაცემის მიზნით,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში 6 კომპანია მონაწილეობს. აქედან ოთხს შესაბამისი ნებართვები აქვთ და მათი მიკროავტობუსები დღემდე მოძრაობენ ქალაქში.

„კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ქალაქის ტერიტორიაზე პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

საკრებულოს შესაბამისი დადგენილების მიხედვით, პირველი სექტემბრიდან უნდა შეიცვალოს ქალაქში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემები, რამდენიმე ხაზი კი უნდა გაუქმდეს [მაგალითად: ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები  შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55].

ამასთან, შემცირდება ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა და დარეგულირდება ინტერვალები ხაზზე მოძრავ ავტობუსებს შორის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com