მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: „ქართულმა მარშმა ხელი დაიქნია და საკრებულომ გადაწყვიტა“

09.08.2018 • 1881
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: „ქართულმა მარშმა ხელი დაიქნია და საკრებულომ გადაწყვიტა“

ვიდრე ბათუმში მისი განთავსების უკვე განსაზღვრულ ადგილს ოფიციალურად განსაზღვრავდნენ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს იმაზეც, თუ „ვინ, სად და როდის დააჭენებდა დავით აღმაშენებლის ძეგლს საქართველოში აქეთ-იქეთ“. სხდომის თავმჯდომარე სულიკო თებიძე ჯერ კოლეგების დამშვიდებას შეეცადა, შემდეგ კი ოპოზიციას მიმართა.

„…ხომ ძალიან კარგად გახსოვთ 2005 წლის ოქტომბერი, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ თვალსაჩინო ადგილას იდგა იმ დიდებული ადამიანის ძეგლი, 2005 წლის ბოლოს აიდგა ფეხი და გამოვიდა თბილისის შესასვლელში. რომელ მოქალაქეს ჰკითხეთ მაშინ, ვის დაეკითხეთ? – ეს ხომ ერთი კაცის ხუშტური იყო, ჩვენ საზოგადოებასთან გვაქვს კომუნიკაცია,“ – განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ. მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იგულისხმა, რომლის საფუძველზეც დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრიდან გადაიტანეს.

„გეკითხებით, ბათუმელებთან შეთანხმებით იდგმება ძეგლი თუ „ქართული მარშის“ – ნეოფაშისტური ძალის ერთი ხელის დაკვრით? – მე არ მგონია, რომ ნეოფაშისტები უნდა წყვეტდნენ, სად უნდა დაიდგას ძეგლი, მითუმეტეს, რომ აგვისტოს დღეებია ახლა და პრორუსულ ძალასთან შეთანხმებით იღებთ გადაწყვეტილებას,“ – ასე გამოეხმაურა თავმჯდომარეს ოპოზიციური ფრაქციის წევრი, მირდატ ქამადაძე.

საკრებულოს უმრავლესობა საკითხის მომხსენებელთან ერთად დღეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილი განსაზღვრეს, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება არათუ „ქართული მარშის“ გამარჯვება არ არის, არამედ მათ საერთოდ არ უკავშირდება და დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა ისედაც გადაწყვეტილი იყო.

ოპოზიცია კი ამტკიცებდა, რომ  გადაწყვეტილება „ქართული მარშის“ სურვილით მიიღო ჯერ ბათუმის მერმა, შემდეგ კი საკრებულოს უმრავლესობამ „გააპრავა.“

სხდომაზე იმსჯელეს იმაზეც, რომ საკრებულო კიდევ ერთ საკითხში „გამოვიდა გამპრავებლად“, როცა მერიამ ჯერ ადგილი შეარჩია, განათავსა მემორიალური დაფა წარწერით: „აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი,“ საკრებულომ კი პოსტფაქტუმ იმსჯელა ძეგლის განთავსების ადგილის განსაზღვრაზე.

საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პატარიძემ განმარტა, რომ მერიას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და საკრებულოსთან მოლაპარაკებები ჰქონდა:

„ეს საკითხი ერთპიროვნულად არავის გადაუწყვეტია. ეს მოხდა შეთანხმებით, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და უმრავლესობა არის ერთსულოვანი ამ საკითხთან მიმართებაში. ეს ღიად გადავწყვიტეთ და მინდა გითხრათ, რომ შერჩეული ადგილი არის ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი ადგილი.“

მომხსენებლის ამ განცხადებას საკრებულოს ოპოზიცია ისევ გამოეხმაურა: „თურმე შეთანხმებული და ერთსულოვნები ხართ უმრავლესობა. გადაგიწყვეტიათ, რომ ძეგლის ადგილი იქ უნდა იყოს, მაშინ რას ემსახურება ეს სხდომა?“

საკრებულოს წევრმა, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ იკითხა – „წინსწრებით რომ დაიდგა, ამაში …დანაშაული რაში მდგომარეობს“.

საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან იმითაც დაინტერესდა, ვიდრე მერია და საკრებულოს უმრავლესობა შეთანხმდებოდნენ, დაინტერესდნენ თუ არა ამომრჩევლის აზრით, ან მოისმინეს თუ არა ურბანისტების მოსაზრება იმაზე, როგორ მოხერხდება იქ ძეგლის განთავსება. უმრავლესობის წევრები კი ამტკიცებდნენ, რომ თითქმის ყოველდღიურად აქვთ ხალხთან შეხვედრა და კარგად იციან ამომრჩევლის პოზიცია.

ამაზე საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა:

„მე ჩემს აზრს დაგიფიქსირებთ, არა როგორც თავმჯდომარე, არამედ რიგითი დეპუტატი და მოქალაქე, პროცედურულად, როცა ხდება ძეგლის დადგმა – მინდა მივიღო გადაწყვეტილება, რომ მიწის ნაკვეთი გამოიყოს, ჩვენ ვუმტკიცებთ მას მერიას, მერე ვავალებთ, რომ კონკურსი გამოაცხადოს. ეს არ ნიშნავს, რომ ასი პროცენტით გადაწყდა, რომ ძეგლი დაიდგმება. ამის შემდეგ საკითხი მიდის სამთავრობო კომისიაში, სადაც ურბანისტები და სხვა სპეციალისტებიც არიან. მათი დასკვნის შემდეგ, თუ რამდენად შეეფერება ეს ადგილი, გვექნება ან კი, ან არა …. რაც შეეხება იმას, თუ ვის დავეკითხეთ, გიპასუხებთ, რომ ჩვენ სისტემატიურად გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა. “

ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულში, სადაც აღმაშენებლის ძეგლის დადგმას აპირებენ, მემორიალური ქვა დაახლოებით ერთი კვირის წინ განათავსა.

„ქართულმა მარშმა“ ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ თაბაშირში ჩამოსხმული დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზიც განათავსა და იქვე დაწერეს, რომ ამ ძეგლის დადგმა ბათუმში იგეგმება, მერიაში კი ამტკიცებენ, რომ ძეგლის ესკიზის შესარჩევად კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

მერიამ ბათუმში დავით აღმაშენებლის მემორიალური ქვა დადგა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: