განათლება,მთავარი,სიახლეები

არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერც წელს მიიღებენ

08.08.2018 • 4694
არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერც წელს მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ახალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ უთხრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინფორმაციით, 2013 წლის კვლევების მიხედვით, საქართველოში 213 არაქართულენოვანი სკოლა და 77  სექტორია. აქედან 85  სკოლა მთლიანად აზერბაიჯანულენოვანია, 11 – რუსულენოვანი, 117 კი – სომხურენოვანი. ამ სკოლებში, 2014 წლის მონაცემებით, 60 ათასამდე მოსწავლე სწავლობს.

სახელმძღვანელოები, რომლებითაც ამ სკოლებში ასწავლიან,  სახელმწიფოს მიერ დადგენილ ეროვნულ სასწავლო გეგმას არ შეესაბამება.

როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავენ, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში სახელმძღვანელოები მეზობელი ქვეყნებიდან შემოაქვთ.  შესაბამისად, მოსწავლეები განათლებას იღებენ არა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, არამედ იმ ქვეყნების განათლების სისტემის მიხედვით, სადაც აღნიშნული სახელმძღვანელოებია დაბეჭდილი.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თქმით, ქართულიდან ნათარგმნი სახელმძღვანელოები მოძველებულია, ამასთან, უხარისხოდ ნათარგმნი.

განათლების სამინისტრომ ქართულენოვან სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოების განახლება დაიწყო. სამინისტროს განცხადებით, ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში 15 სექტემბერს შევა, თუმცა ეს არ შეეხება არაქართულენოვან სკოლებს.

მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის: „სამ თვეში ამ სახელმძღვანელოების შედგენა და თარგმნა ვერ მოხერხდებოდა. თუ გვინდა, რომ კარგი წიგნები დაიბეჭდოს, რელევანტური უნდა იყოს. ძალიან განსხვავდება კარგი წიგნი და ნათარგმნი წიგნი, თუ ის უაღრესად მაღალ დონეზე არ იქნება შესრულებული.

ამიტომ, ჩვენ სექტემბრიდან ვიწყებთ მუშაობას პედაგოგებთან, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს დროულად, ადეკვატურად. ეს ვერ მოხდება 15 სექტემბრისთვის“ და არც პირველად „დიზაინში ყოფილა ეს გათვალისწინებული“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, სახელმძღვანელოების შეცვლისას რატომ არ დაიგეგმა ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვა არაქართულენოვანი სკოლებისთვის? მურღულია ამბობს, რომ „ეს საკითხი არც თავდაპირველ დიზაინში ყოფილა გათვალისწინებული“, რადგან მიზეზი დროის ფაქტორია.

„ეს საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა, მაგრამ  წინა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამაზე. პროცესი არის აქტიურ ფაზაში და მაშინ დასრულდება, როცა მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები გვექნება. 2019 წელი იქნება მაქსიმუმი, არა მგონია ამაზე შორს წავიდეს ეს პროცესი,“ – გვითხრა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე – თუ როგორ აფასებს იმას, რომ წლების განმავლობაში 200-ზე მეტი სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის გარეშე ასწავლიან, თემურ მურღულია ამბობს, რომ ეს საკითხი მისი შესაფასებელი არ არის. „ვიცი, რომ პრობლემა უნდა აღმოიფხვრას,“ – ამბობს ის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემები არაქართულენოვან სკოლებთან დაკავშირებით ასეთია:

 აზერბაიჯანული სკოლა – 82

აზერბაიჯანულ-რუსული – 1,

აზერბაიჯანულ – სომხური – 1

ქართულ-აზერბაიჯანული – 31

 რუსული სკოლა – 11

სომხურ-აზერბაიჯანული სექტორი – 1

სომხურ-ქართული სექტორი – 10

 სომხურენოვანი სკოლა –118

ქართულ-აზერბაიჯანული სექტორი – 9

ქართულ-რუსული სექტორი – 30

ქართულ-რუსულ-აზერბაიჯანული – 1

ქართულ-რუსულ-სომხური – 1

გადაბეჭდვის წესი


ასევე: