მთავარი,სიახლეები

ჩიპსები, იოგურტი, ფარდა – ქურდობისთვის გასამართლებული ბავშვები

09.08.2018 • 2828
ჩიპსები, იოგურტი, ფარდა – ქურდობისთვის გასამართლებული ბავშვები

„ჩხრეკის შედეგად მას ამოუღეს წინა მარჯვენა ჯიბიდან: სუნამო წარწერით ,,AN MK IN’’, ტელეფონი „ნოკია” შავი კორპუსით, ვერცხლისფერი სავარცხელი. უკანა მარცხენა ჯიბიდან: რკინის ხურდა ფული, სულ 23 ლარისა და 35 თეთრის ოდენობით, უკანა მარჯვენა ჯიბიდან საფულე შავი ფერის G, მწვანე ფერის სანთებელა და რკინის კონსტრუქციის წაწვეტებული მეტალი. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები აღწერის შემდეგ დაილუქა სპეციალურ პაკეტში,“ – ეს 17 წლის ზაზას [სტატიაში სახელები შეცვლილია] ჩხრეკის ოქმში წერია. ის ერთ-ერთია იმ არასრუწლოვნებს შორის, რომლებიც ქურდობისთვის გაასამართლეს ბათუმში.

ოფიციალური სტატისტიკით, ქურდობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. ჩვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ქურდობის მუხლით გამოტანილ განაჩენებს გავეცანით, 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე.

დედამ ქურდობა არ აპატია, მამა – თავს არიდებს

ზაზამ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანა 21 იანვარს, ღამის სამ საათზე გაქურდა. ის პოლიციელებმა მანქანაში ფანჯრიდან გადაძრომის დროს შეამჩნიეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა და მონანიება ითხოვა. ზაზას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რადგან ის მანქანის გაქურდვის დროისთვის უკვე ნასამართლევი იყო და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

სასამართლოს განაჩენში ნახავთ ფსიქოლოგის დასკვნასაც. ის ზაზას ციხეში შეხვდა.

„მას უჭირს იზოლაციაში ყოფნა და იზოლაციით გამოწვეულ უარყოფით ემოციებთან გამკლავება, გამომდინარე იქედან, რომ იგი 9 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად იქცევა. არასრულწლოვანი ასევე ღიად საუბრობს იმაზე, რომ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში უფრო მეტად დაფიქრდა საკუთარ ქცევაზე, შედეგებზე, მომავალზე. რომ არა ციხე იგი ვერ იგრძნობდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის თავისუფლება და თავისუფალი ცხოვრება შეცდომების გარეშე.

მოზარდს არ ახასიათებს სხვათა მიმართ აგრესია და ძალადობრივი ქცევა,  თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც უხეშად ექცევიან და შეურაცხყოფენ, იგი კარგავს თვითკონტროლის უნარს, ვერ ახერხებს საკუთარი ემოციებისა და ქცევის კონტროლს. არასრულწლოვანი არ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს და იშვიათად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, არ არის დამოკიდებული კომპიუტერულ თამაშებზე. რაც შეეხება თამბაქოს, არასრულწლოვანი მას ჭარბად მოიხმარს. ზ.- ს არ ჰქონია თვითდაზიანების, ან სუიციდური ფიქრები და მცდელობა,“ – აღნიშნულია ფსიქოლოგის დასკვნაში.

განაჩენში ნახავთ ზაზას დედის პოზიციასაც. მან სოციალურ მუშაკებს უთხრა, რომ შვილს ქურდობას ვერ აპატიებს და სამუშაოდ თურქეთში წავიდა. „არასრულწლოვანს მამა თავს არიდებს,“ – წერია განაჩენში.

ჩიფსების, იოგურტის და ფარდის ქურდობისთვის გასამართლებული არასრულწლოვნები

ჩიფსის ერთი შეფუთვა ბათუმის ერთ-ერთ მაღაზიაში 16 წლის გელამ მოიპარა. მას სამი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მოსამართლე ირაკლი შავაძემ 2017 წლის 22 მაისს. გელაც ქურდობისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევი იყო და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

ჩიფსის ქურდობამდე გელამ ტანსაცმლის მაღაზიიდან ქალის ქურთუკი მოიპარა, შემდეგ კი, სიგარეტის სავაჭრო ჯიხურში შევიდა, მაგრამ იქ სიგნალიზაცია ჩაირთო და „დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ნახავთ გელას საქმეშიც:

„ბრალდებულს მიღებული აქვს არასრული საშუალო განათლება, აქვს არაორგანიზებული თავისუფალი დრო, არ აქვს რეალური სამომავლო გეგმები, იკვეთება ოჯახის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა განათლების მიღების და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. მისი მეგობრების უმეტესობა კანონთან კონფლიქტშია, თუმცა სამომავლოდ აღარ გეგმავს მათთან ურთიერთობის გაგრძელებას. არ არის ჩართული სარისკო ქმედებებში, არ ხასიათდება ძალადობრივი ქცევით, არ არის დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, აქვს დასაქმების მოტივაცია. რეკომენდებულია მასთან ფსიქოლოგის თერაპიული მუშაობა…“

ერთი ცალი იოგურტი მამუკამ მოიპარა, ისიც არასრულწლოვანია. განაჩენის მიხედვით, მან ღამის საათებში ერთ-ერთი მაღაზიის წინ, მაცივარში „უკანონოდ შეაღწია და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „ს—-ს“ ფირმის იოგურტს“.

მოსამართლე ლევან გელოვანმა იოგურთის ქურდს 60 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.

რაც შეეხება ფარდის ქურდებს – ეს ჩაქვში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ორი არასრულწლოვანი სიგარეტის მაღაზიაში ღამით შეიპარა „ისინი ფარულად დაეუფლნენ მ.გ.-ს კუთვნილ სხვადასხვა დასახელების სიგარეტებს და ფულად თანხას, ასევე ფარდას, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ეს არასრულწლოვნები ახლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.

ავტომანქანის მაგნიტოფონისა და მობილური ტელეფონის ქურდობა – არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაული

თუკი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ არასრულწლოვნები ძირითადად მობილურ ტელეფონებს, ფულსა და ავტომანქანის მაგნიტოფონს იპარავენ.

2017 წლის 31 ოქტომბერს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა [რაც ჩაეთვალა პირობით] მ.ბ.-ს, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში ღამის თორმეტ საათზე შევიდა და იქედან 715 ლარი, ასევე 3 მობილური ტელეფონი წამოიღო.

იმავე დღეს იმავე მოსამართლემ კიდევ ორი არასრულწლოვანი: გ.მ. და მ.ჩ. გაასამართლა. ამ საქმის მიხედვით, არასრულწლოვნებმა 6 მაისის პარკში დღისით წაართვეს მობილური ტელეფონი დაზარალებულს. საქმეში ქურდობის კიდევ 7 სხვადასხვა ეპიზოდია. თითოეულ შემთხვევაში არასრულწლოვნებმა ავტომანქანა გაქურდეს, ან მისი გაქურდვა სცადეს. ორივე არასრულწლოვანს 4-4 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდეს.

3 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდეს ზ.ქ.-ს. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის მიერ ხელმოწერილ განაჩენში წერია, რომ მან უცხო პირის ავტომანქანაში შეაღწია და „ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ თანხას 50 ლარის ოდენობით, მობილური ტელეფონის სამუხტს და სამსუნგის ფირმის მობილურ ტელეფონს“.

ავტომანქანის მაგნიტოფონის არაერთგზის დაუფლებისთვის გაასამართლეს არასრულწლოვანი კ.ფ. მან რამდენიმე ავტომანქანა გაქურდა და ერთხელ მაგნიტოფონთან ერთად მაჯის საათი და მაკრატელიც თან წაიღო. კ.ფ-ს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2018 წლის 13 მარტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ძარცვისთვის გასამართლებული არასრულწლოვნები

ძარცვისთვის ორი არასრულწლოვანი 2018 წლის 3 მაისს გაასამართლეს. განაჩენის მიხედვით, ისინი სახეზე ჩამოფარებული ნიღბებით შევიდნენ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ნელი ო-ს. საცხოვრებელ სახლში.

„…უკანონოდ შეაღწიეს სახლის პირველ სართულზე განლაგებულ სასტუმრო ოთახში, სადაც თავს დაესხნენ ნელი ო.-ს. რ.ქ.-მ პირზე ხელის მოჭერით წააქცია იატაკზე, ხოლო ი.კ.-მ მიადო დანა კისერში და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით. ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ნელი ო.-ს კუთვნილ ფულად თანხას და ძვირფასეულობას,“ – წერია განაჩენში.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ამ შემთხვევაში სასჯელის სახით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა, ორი წლით კი – პირობითი მსჯავრი.

ძარცვის კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში, პლაჟზე მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ო.გ. „აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების კუთვნილი პირადი ნივთები და ფულადი თანხა… რის შემდეგაც გაქცევით შეეცადა მიმალვას. აღნიშნული ფაქტი შეამჩნიეს ნივთების მეპატრონეებმა, რომლებიც მას დაედევნენ უკან და რომელთა მითითების შემდეგ, ო. გ. დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლის მიერ“.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ო.გ.-ს 4 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებულ განაჩენებში პროცესის მონაწილე ყველა პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები დაფარულია. განაჩენებში დაფარული იყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაც, როგორიცაა, მაგალითად, მოპარული თანხის ოდენობა ან მობილური ტელეფონის ფასი.


რამ განაპირობა არასრულწლოვბნებში ქურდობის ჩადენის მაჩვენებლის მკვეთრი მატება – მიზეზებზე სპეციალისტების განმარტება შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: