მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ბუნგალო “ჰავანა” სრულად დაიწვა

08.08.2018 • 7351
ქობულეთში ბუნგალო “ჰავანა” სრულად დაიწვა

დღეს, გამთენიისას, ქობულეთის სანაპიროზე მდებარე ბუნგალო “ჰავანას“ ცეცხლი გაუჩნდა. ზარი ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 05:17 წუთზე შევიდა. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძახებაზე სამი სახანძრო ავტომობილი გავიდა, „ორი კამაზის ტიპის ავტომანქანა და წყალმზიდი ათტონიანი. სამი მანქანა მუშაობდა”.

ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლი მთლიანად მოდებული დახვდათ ნაგებობაზე, “ხის მასალა იყო და არავინ იცის, საიდან დაიწყო ხანძარი,” – გვითხრეს უწყებაში.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/874841736048888/

 

დაწესებულების ერთ-ერთი მეწილე სოფო ნებიერაძე ამბობს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, ხანძარი კონსტრუქციის ქვემოდან გაჩნდა [კონსტრუქციის ქვემო საყრდენი ფიცრებით იყო შემოღობილი]. “თბილისდან მოვდივარ, გზაში ვარ. როგორც ვიცი, ქვემოდან გაჩნდა ხანძარი, რაც გასაოცარია, რადგან იქ არანაირი ისეთი მნიშვნელობის გაყვანილობა არ იყო, რაც შეიძლებოდა ხანძრის კერა გამხდარიყო. დანარჩენს სპეციალისტები დაადგენენ, ჯერჯერობით მიზეზზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი”, – ამბობს ის.

სოფო ნებიერაძის ცნობით, ხანძრის პერიოდში ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, მეორე მეპატრონე კი დაახლოებით 20 წუთის გასული იყო რესტორნიდან.

ბუნგალო „ჰავანა“ ტურისტულ სეზონზე ქობულეთში ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი იყო. ტურისტული ინფრასტრუქტურა შპს „ჰავანას“ ყოფილმა მეპატრონემ, დავით შავიშვილმა, ხუთი წლის წინ მოაწყო და საიჯარო ხელშეკრულების ვადა წელს, 18 ივლისს, ამოეწურა.

მაისის თვეში “ჰავანას” ახლანდელმა დირექტორმა, პაატა რეხვიაშვილმა, ორმილიონიანი საინვესტიციო წინადადებით ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს მიმართა. მან მერს შუამდგომლობა სთხოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან საიჯარო ვადის გაგრძელებასა და მიმდებარედ 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, ასევე ამ ნაკვეთის გასწვრივ პლაჟის 20-წლიანი იჯარით გადაცემაზე.  კომპანიის მფლობელი პირობას დებდა, რომ ტერიტორიაზე მოაწყობდა მსუბუქ კონსტრუქციას, სადაც განათავსებდა: „კლუბს, კაფეს, რესტორანს, საბილიარდოს, ღია აუზს, სატრენაჟოროსა და ბავშვთა გასართობ კუთხეს“.

კომპანია ასევე ჰპირდებოდა მთავრობას, რომ ტურისტული კომპლექსი არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში მოემსახურებოდა მომხმარებელს. პირობების ჩამონათვალში იყო ასევე არანაკლებ 30 ადგილობრივის დასაქმება.

მირიან ქათამაძეს საკრებულომ უარი უთხრა – სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნილი ტერიტორიის ათვისება ზღვაზე გასასვლელს ჩაკეტავდა და „გასათვალისწინებელია მოსახლეობის ინტერესები“. სხდომაზე ამ ნაკვეთთან მიმართებაში სხვა ინტერესებსა და კონკურენტული გარემოს შექმნაზეც იყო საუბარი.

„ჰავანას“ დირექტორი, პაატა რეხვიაშვილი ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში ამ ადგილზე  არსებობს „არა მოსახლეობის ინტერესები“, არამედ საკრებულოს ერთ-ერთი წევრის პირადი ინტერესი. პაატა რეხვიაშვილის თქმით, საკრებულოს ამ წევრს შპს „ჰავანასგან“ წლების განმავლობაში  ჰქონია სარგებელი, ვიდრე თვითონ არ იყიდა ეს კომპანია. „ახლა მას სურს, რომ ამ ადგილიდან ჩვენ გაგვიშვას“, – ამბობდა ბიზნესმენი “ბათუმელებთან” საუბრისას.

დაწვრილებით “ჰავანას” შესახებ წაიკითხეთ ბათუმელების სტატიაში: „ჰავანას“ ქობულეთში ორმილიონიან ინვესტიციაზე უარი უთხრეს – კონკურენცია თუ პირადი ინტერესი”.

“ჰავანა”

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: