მთავარი,სიახლეები

მანდატურის მოსამზადებელი კურსები – განათლების და შს მინისტრების ახალი ბრძანება

08.08.2018 • 9798
მანდატურის მოსამზადებელი კურსები – განათლების და შს მინისტრების ახალი ბრძანება

საქართველოს განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები დაამტკიცეს.

კურსებს მხოლოდ ახალი თანამშრომლები გაივლიან, თუ მოქმედი მანდატურებიც და არის თუ არა მანდატურის ვაკანსია? – ამ კითხვებით „მანდატურის სამსახურს“ დავუკავშირდით. უწყებაში გვიპასუხეს, რომ ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დაახლოებით 10 დღით ადრე სამსახური აცხადებს საჯარო კონკურსს, რის შედეგადაც შეარჩევენ დაინტერესებულ პირებს და ამის შემდეგ გადაამზადებენ ამ  პირებს. გადამზადება კი იქნება დაახლოებით ორ თვემდე პერიოდი.

ამ ეტაპზე ასეთი კონკურსი გამოცხადებული არ არის, თუმცა სამსახურში ვარაუდობენ, რომ ვაკანსიები იქნება.

რაც შეეხება მოქმედ მანდატურებს, „სავარაუდოდ, მათი გადამზადებაც შეიძლება მოხდეს – საკანონმდებლო ცვლილებები რაც არის, ამ ცვლილებების გაცნობის ფარგლებში, გარკვეულ ნაწილში, როგორც კანონით არის განსაზღვრული“.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსი. მინისტრებს კი, სწორედ აღნიშნული ცვლილებებით დაევალათ მანდატურების მოსამზადებელი კურსების დამტკიცება.

[gray_box]ამავე თემაზე: მანდატურს სკოლის დირექტორი ვეღარ დანიშნავს – კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა[/gray_box]

მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, რომელიც 2018 წლის 7 აგვისტოს ამოქმედდა, მანდატურის მოსამზადებელი კურსების ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“.

მოსამზადებელი კურსების ფარგლებში სწავლების მეთოდიკასა და საათობრივ დატვირთვას კი, განსაზღვრავს მოსამზადებელი კურსების განმახორციელებელი, მანდატურის სამსახურთან შეთანხმებით.

მოსამზადებელი კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
[checklist]

  • ფიზიკური მომზადება;
  • ზოგადი განათლების სისტემა, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები, მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები;
  • მანდატურის როლი სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში, მანდატურის გარანტიები, უფლება-მოვალეობები და მათი განხორციელების წესი;
  • ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში;
  • დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკა;
  • მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირების წესი, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა;
  • ოჯახში ძალადობა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
  • ბულინგი; სამოქალაქო თავდაცვა;
  • საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი; პირველადი სამედიცინო დახმარება;
  • ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებები;
  • ანტისოციალური ქცევა მოზარდებში;
  • კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა;
  • ეფექტური კომუნიკაცია.

[/checklist]

მთავარი ფოტო: მანდატურები / ფოტო: მანდატურის სამსახური

გადაბეჭდვის წესი


ასევე: