მთავარი,სიახლეები

12-წლიანი პაუზის შემდეგ მერია ბათუმის ქონების აღწერას იწყებს

08.08.2018 • 1884
12-წლიანი პაუზის შემდეგ მერია ბათუმის ქონების აღწერას იწყებს

ბათუმის მერიას მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციისთვის ბიუჯეტში 65 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებული ქონების ინვენტარიზაციას განხორციელებს სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელშიც იქნებიან მერიის წარმომადგენლებიც.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიას მის ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ბოლო 12 წელია არ ჩაუტარებია.

მერიას გასულ, 2017 წელს, 670 მილიონი ლარის ღირებულების ქონების მხოლოდ 0,1% ჰქონდა აღწერილი. აქედან გამომდინარე, აუდიტი აცხადებდა, რომ მას არ ჰქონდა  შესაძლებლობა დაედასტურებინა მერიის ბალანსზე რიცხული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკური არსებობა, სისრულე და სიზუსტე.

ბათუმის მერიაში განმარტავდნენ, რომ მერიის სტრუქტურაში აქტივების სრული ინვენტარიზაციის განმახორციელებელი დანაყოფი არ არსებობდა. აუდიტი კი, თავის ბოლო ანგარიშში მიუთითებდა, რომ „მერიის განმარტება დაუსაბუთებელია, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაცია კანონით ვალდებულია განსაზღვრული პერიოდულობით ჩაატაროს აქტივების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაცია და შექმნას შესაბამისი საინვენტარიზაციო კომისია“.

ბათუმის მერიამ ქონების ინვენტარიზაციაზე ტენდერი ამჯერად 7 აგვისტოს გამოაცხადა, რომელიც 20 აგვისტოს დასრულდება.

აქტივები, რომლებიც ექვემდებარება ინვენტარიზაციას და აღწერას:
• მატერიალური მარაგები
• ძირითადი აქტივები
• გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები
• ფასეულობები
• არაწარმოებული აქტივები

სატენდერო პირობების მიხედვით, ინვენტარიზაცია და აღწერა უნდა განხორციელდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებსა და სასაწყობო მეურნეობაში; ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ქონების ფაქტობრივი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

მიმწოდებელი ვალდებულია, გადაამოწმოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ბათუმის მუნიციპალიტეტის  სახელზე არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და მერიას წარუდგინოს კონკრეტული წინადადებები შემდგომში აღნიშნული აქტივების აღრიცხვის თაობაზე.

მიმწოდებელი ასევე ვალდებულია გადაამოწმოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მუნიციპალიტეტის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია.

ცალკე აღწერა დგება იჯარით [ან სარგებლობაში მიღების სხვა შემთხვევაში] აღებულ ძირითად აქტივებზე იჯარის ცალკეული გამცემის მიხედვით, დასახელებისა და იჯარის ვადის აღნიშვნით.

აღრიცხვაში დაუშვებელია ორგანიზაციაში აქტივების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სიტყვიერად ნათქვამი მონაცემების, ასევე საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების შეტანა მათი, ფაქტობრივად, შემოწმების გარეშე.

მიმწოდებელმა ასევე უნდა აღწეროს ის აქტივები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის ქონებას და დაფიქსირებული არ არის შემსყიდველის ბუღალტრულ ჩანაწერებში [ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები].

ინვენტარიზაციის პროცესში დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ინფორმაცია ასახოს ცალკე აქტში.

უნდა განხორციელდეს უძრავი აქტივების GPS კოორდინატების მიხედვით აღრიცხვა, დასურათება, რუკაზე დატანა და პროგრამულ პლატფორმაში მოქცევა. პროგრამა და მონაცემთა ბაზა უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის მერიის სერვერზე. მონაცემთა ბაზა უნდა იყოს უფასო ლიცენზიით.

ქონების ინვენტარიზაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2018 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: