რატომ არ დაესწრო მიტროპოლიტი დიმიტრი თავისსავე დაანონსებულ საპროტესტო აქციას

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციას არ დასწრებია. მიტროპოლიტმა გუშინწინ თავად მოუწოდა მოქალაქეებს მარიხუანას ლეგალიზების გაპროტესტება საკონსტიტუციო სასამართლოსთან.

რატომ არ დაესწრო დღეს, 6 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციას მიტროპოლიტი? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესმდივანს, იონე გორელიშვილს დაუსვა.

„მეუფე დიმიტრი შეუძლოდ გახლავთ და ამიტომ არ დაესწრო… დიდი ხანია არის შეუძლოდ, მას ფეხზე დგომა და სიარულიც უჭირს. მსახურების დროსაც კი ვერ დადის ეკლესიაში,“ – გვიპასუხა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

4 აგვისტოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება და მიტროპოლიტ დიმიტრის სახელითა და მისი ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციის შესახებ შეატყობინა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი