მთავარი,სიახლეები

„რატომ დაიღუპა ჩემი მამა?“ – აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის 9 წლის შვილის კითხვა დედას

06.08.2018 • 4643
„რატომ დაიღუპა ჩემი მამა?“ – აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის 9 წლის შვილის კითხვა დედას

ნინიკო მჟავანაძე  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შვიდ თვეში დაიბადა. ახლა ცხრა წლისაა და გმირებს ხატავს. არ იცის, როგორ და როდის ხდებიან გმირები, ან ვის უწოდებენ ადამიანები გმირებს, მაგრამ იცის, რომ მამა გმირია, ამაზე კითხვებს არ სვამს. ხშირად მას დედასთან მხოლოდ ერთი კითხვა აქვს – რატომ დაიღუპა მისი მამა, როცა სხვებს ჰყავთ?

„ბევრ კითხვას არ მისვამს, მხოლოდ ამას მეკითხება, როცა სხვებს ხედავს მამებთან ერთად“, – გვიყვება თეონა ივანაძე. თეონა გმირ მეუღლეზე, კაპრალ რაულ მჟავანაძეზე  ბევრს არ საუბრობს, მხოლოდ კითხვებს პასუხობს და ისიც მოკლე პასუხებით შემოიფარგლება. ის ორი თვის ფეხმძიმე იყო, როცა ომის დაწყების ამბავი გაიგო…

ნინიკო მჟავანაძე, აგვისტოს ომში დაღუპული რაულ მჟავანაძის შვილი

ამბობს, რომ ომის დაწყებისთანავე, რამდენჯერმე დაურეკა მეუღლეს, მაგრამ ის არ პასუხობდა. „არ პასუხობდა… შედეგ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს დაღუპულიაო“, – ამბობს და მცირე პაუზას აკეთებს: „მეგონა ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ მარტო ჩემი ხომ არ გადარჩებოდა“, – ასე ასრულებს თეონა სათქმელს იმაზე, თუ როგორ გაიგო მეუღლის ომში დაღუპვის ამბავი.

ომი რომ დაიწყო, თეონა და რაული ხუთი თვის შეუღლებულები იყვნენ.

ყოველი წლის აგვისტო თეონას იმ დროს ახსენებს, რაზეც საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ძალიან მტკივნეულია მისთვის იმ დროს განვითარებული მოვლენების გახსენება და წინადადებას არ ასრულებს…  ხმა უკრთის, ჩუმდება და თვალებით მანიშნებს, რომ ახალ კითხვას ელოდება.

თეონას მეუღლე, კაპრალი რაულ მჟავანაძე ჯარში კონტრაქტით მსახურობდა და 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა. მისი დაღუპვის შემდეგ თეონას მეუღლის სამსახურში დასაქმება შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. არც ის იცის კონკრეტულად რას სთავაზობდნენ, არ დაინტერესბულა, რადგან ამ დროს ბავშვი პატარა იყო და მთელ დროს მას უთმობდა.

„…სახელმწიფო ერთჯერადად დაგვეხმარა, გვაქვს ყოველთვიური თანხაც და ამით ვცხოვრობთ, მე ამ დრომდე არ ვმუშაობ. ვცხოვრობ შვილთან და ძმასთან ერთად, პერიოდულად ავდივართ სოფელში რაულის დედასთან.“

თეონა ომში დაღუპულთა მემორიალთან

თეონას თქმით, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ცოლები და მათი შვილები ერთმანეთს ყოველი წლის აგვისტოში ხვდებიან. ამბობს, რომ როცა ჩნდება საზოგადოებაში, სადაც იციან, რომ გმირის მეუღლეა, პატივისცემით ეპყრობიან.

ნინიკო მეოთხე კლასშია. გარდა გმირებისა, რომლებსაც, როგორც თვითონ გვიყვება ინტერნეტში პოულობს, ხატავს ფერად ჩიტებს, ფერადი ფურცლებისგან კი ჯამბაზებს ამზადებს. ამბობს, რომ წითელი, ლურჯი, ყვითელი და ნაცრისფერი  მოსწონს. ხშირად ბებია ურეკავს და ეუბნება, რომ ენატრება.

სკოლაში კი ნინიკო ყველაზე კარგად მათემატიკას სწავლობს, ცეკვაზეც დადის. გასულ წელს გასტროლით ბულგარეთში იყო, ახლა იტალიაზე ოცნებობს. რომ გაიზრდება, პოლიციელი გამოვა, ეს პროფესია იმიტომ აირჩია, რომ :„ვინც რაიმეს დააშავებს, ციხეში ჩასვას“.

რაულ მჟავანაძე

რაულ მჟავანაძე 1973 წლის 8 ივლისს, ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში დაიბადა. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლაც. სკოლის დასრულების შემდეგ ძმასთან, გივი მჟავანაძესთან ერთად ახალჩამოყალიბებულ შინაგან ჯარში წავიდა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად, შემდეგ კი კონტრაქტი გააფორმა სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე.

რაულ მჟავანაძე 8 აგვისტოს ცხინვალში კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად 35 წლის ასაკში დაიღუპა.

გადაბეჭდვის წესი