პოზიციები სამღვდელოების აქციაზე მარიხუანას წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. აქ შეკრებილები მარიხუანას ლეგალიზებას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაა.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები და სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ მარიხუანას მოხმარება ვნებს ჯანმრთელობას, თუმცა მათი მოსაზრება არაა ერთიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ, რაზეც პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

აქციაზე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური ძალიდან.

“ვგმობთ ანტისახელმწიფოებრივ აქტს. ეს ეწინააღმდეგება ქართულ და მართლმადიდებლურ ინტერესებს. უნდა შემსუბუქებულიყო სასჯელი, საერთოდ გაუქმება არ იყო სწორი. საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მომხრე არ ვარ,” – ამბობს მოქალაქე რეზო კიღურაძე.

მოქალაქე ეთერ სურმანიძე კი, ადეკვატურად მიიჩნევს სასჯელს, რომელიც აქამდე მარიხუანას მოხმარებისთვის გამოიყენებოდა. ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა მსგავსი მიდგომა ქრისტიანული, გვიპასუხა.

“ის, ვინც მაგას მოწევს, ნორმალურად ვეღარ აზროვნებს, დასასჯელია… საკონსტიტუციოს გაუქმებით არაფერი დაშავდება, ზედმეტი დანამატია. მე მქონდა სასამართლოებში საქმეები და ვერაფერი გავუგე,” – გვითხრა ეთერ სურმანიძემ.

მოქალაქეებისგან განსხვავებით, დეკანოზ ანდრია თურმანიძის აზრით, “ციხე გამოსავალი არ არის”. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო.

“უნდა არსებობდეს გარკვეული ბერკეტი, რომელიც შეაჩერებს, ზოგადად, აღვირახსნილობას. დღეს ყველგან უკვე მარიხუანას სუნია. ეს გადაწყვეტილება იყო ვიღაცის დავალებით, ან ვიღაცის გულის გასახარად მიღებული. ვინ დგას ამის უკან არ ვიცი, მაგრამ სახელმწიფო დღეს ამისთვის მზად არ იყო.

ნარკომომხმარებელს სჭირდება შესაბამისი მკურნალობა და ხელის შეწყობა და არა ციხეში გაშვება,” – აღნიშნავს იგი. დეკანოზი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მომხრე არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნა დღეს აქციაზე მოსულმა პოლიტიკოსებმა -დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ჯონდი ბაღათურიამ გააჟღერეს. არგუმენტად მათ შეერთებული შტატები მოიყვანეს, სადაც საკონსტიტუციო კონტროლს უზენაესი სასამართლო ასრულებს. ამ პოლიტიკოსებმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მოსამართლის დასჯას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არავითარ სასჯელს არ ითვალისწინებს, იმ კონკრეტული მოსამართლეების დასჯაც მოითხოვეს, რომლებმაც მარიხუანას ლეგალიზებაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

პოლიტიკოსებმა ვერ დაგვიკონკრეტეს, რატომ იქნება კარგი, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში აღარ იარსებებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მომხრე არ არის ბათუმის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ნატალია ძიძიგური. საკრებულოს წევრი „ბათუმელებმა“ აქციაზე ჩაწერა.

“მე, პირველ რიგში, დედა ვარ და ამიტომ მოვედი აქ. ეს გადაწყვეტილება დამღუპველია ჩვენი ერისთვის, სადაც დემოგრაფიული საკითხი კატასტროფულ მდგომარეობაშია,” – ამბობს ის.

რას ეყრდნობა საკრებულოს წევრი, როცა აცხადებს, რომ მარიხუანას ლეგალიზება დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუარესებს? – ნატალია ძიძიგურმა გვითხრა, რომ ამას “საზოგადოებრივი აზრი ამოწმებს, საპატრიარქო და სხვადასხვა კვლევა”.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს.

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღეს, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე დაიწყო და ახლაც გრძელდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი