მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გათავისუფლებას ითხოვს

“არ მესმის, რატომ არ უნდა გამათავისუფლოთ. სად დაინახეთ მიმალვის საფრთხე? მაგ შემთხვევის შემდეგ მე თვითონ დავუკავშირდი პოლიციას და ჩავბარდი,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ბაჩუკი გ.-მ.  საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.

ბრალდებულის რეპლიკამდე პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის წინააღმდეგია.

მკვლელობის მცდელობის შემთხვევა გასული წლის 25 დეკემბერს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მეზობელთან გადავიდა, რომელსაც სტუმრები ჰყავდა. ერთ-ერთ სტუმართან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ბაჩუკი გ.-მ დაზარალებულს მუცელში დანა გაუყარა.

დაზარალებული გამოჯანმრთელდა და ბრალდებულს შეურიგდა.

დღეს, საქმის განხილვის არსებით ეტაპზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ის უდავოდ მიიჩნევს ყველა მტკიცებულებას, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინა. ბრალდებული პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჯერ კონკრეტული შედეგი არ გვაქვს,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა რამაზ შავაძემ საპროცესო შეთანხმების შესახებ.

მოსამართლემ ბრალდებულს ასევე უთხრა, რომ მისი პრეტენზია სასამართლოსთან უსაფუძვლოა, რადგან საპროცესო შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის ფორმდება.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი