ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს 45%-იანი ფასდაკლებით და შეცვლილი პირობებით ყიდის

ბათუმის მერია ბაგრატიონის ქუჩის N127-ში მდებარე 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთს განმეორებით აუქციონზე 45%-იანი ფასდაკლებით და შეცვლილი პირობებით ყიდის, თუმცა მთავარი პირობა ძალაშია – მყიდველმა ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლი უსასყიდლოდ უნდა ააშენოს, ბაგრატიონის ქუჩაზე კი – მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობა.

მერია აღნიშნულ ნაკვეთს აუქციონზე პირობებით ადრე 1 მილიონ 47 ათას 700 ლარად [საწყისი ფასი] ყიდდა, ამჯერად კი ქონების საწყისი ფასი 575 ათას 850 ლარია [ბიჯი – 15 ათასი ლარი].

პირობა, რომ ახვლედიანის ქუჩაზე მშენებლობა უნდა დაიწყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში და დასრულდეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში – უცვლელია. საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს სამსართულიანი, მანსარდით, 10 საცხოვრებელი ბინით.

საცხოვრებელი ბინების გადაცემა დაინტერესებულ პირებზე უნდა მოხდეს შემდეგ მდგომარეობაში: ბინის კონტურის კედლები; მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები; შესასვლელი რკინის კარი; მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი და სახურავი. აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი სახლის ცენტრალურ კომუნიკაციებთან მიერთება.

პირობებში აღნიშნულია, რომ ამ ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება იქცეს თუნდაც ერთი დაინტერესებული პირის უარი ახვლედიანის ქ. N12-ში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ან/და მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთაგან თანხმობის მიუღებლობა მშენებლობის ნებართვის მიღების ეტაპებზე, თუმცა „მხარეები ყველანაირად ეცდებიან დამაბრკოლებელი და ხელშემშლელი გარემოებები მოაგვარონ მოლაპარაკებების, მათ შორის მესამე პირებთან მოლაპარაკებების წარმოების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა [მუნიციპალიტეტი, ქონების შემძენი] ორმხრივი შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულება უქმდება“.

თუ ხელშეკრულება ძალაში დარჩება და ახვლედიანის ქუჩაზე ქონების შემძენი ააშენებს საცხოვრებელ სახლს, მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა მასზე მშენებლობის ნებართვა ბაგრატიონის ქუჩა N127-ში. აქ შენობა-ნაგებობ[ებ]ის საპროექტო ტექნიკური პარამეტრები უნდა იყოს:
მიწის ნაკვეთზე შენო[ებ]ის განაშენიანების ფართობი [კ-1] – არანაკლებ 3700 კვ/მ;
შენობ[ებ]ის სარეალიზაციო ფართობი [კ-2] – არანაკლებ 21260 კვ/მ;
ტერიტორიის გამწვანებული ფართობი [კ-3] – არანაკლებ 532 კვ/მ;
შენობა [შენობები] უნდა იყოს არანაკლებ 6-სართულიანი.

თუმცა, პირობაში ჩადებულია ასევე, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონში გამარჯვებულ პირს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები მაღლივი შენობა-ნაგებობ[ებ]ის საპროექტო დოკუმენტაციაში.

მშენებლობა უნდა დაიწყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 28 თვეში და დასრულდეს არაუგვიანეს 60 თვეში. 

განმეორებითი ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდება.

ამავე თემაზე:

მერიის აუქციონი: მიწის ნაკვეთი მილიონად და სამსართულიანი სახლის აშენების პირობით

მთავარი ფოტო: აფეთქება ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com