შსს: 4 წლის უზბეკი გოგოს ცხედარი ბათუმში დაკრძალეს

4 წლის ბავშვის ცხედარი ბათუმში დაკრძალეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

4 წლის გოგო ბათუმში 13 ივნისს ღამით მოკლეს. ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში თვითონ მიიტანა და განაცხადა, რომ გოგონა ცემით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი რამდენიმე დღის წინ გაიტანეს ბათუმის პროზექტურიდან. „დედის ახლობელმა დაკრძალა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ცხედარი ბათუმში დაკრძალეს,“ – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში, სადაც ვერ დაგვიკონკრეტეს,  რომელ სასაფლაოზე დაკრძალეს 4 წლის გოგოს ცხედარი.

ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელის, ავთანდილ ბურკაძის თქმით, ბავშვის ცხედარი მათ არ დაუკრძალავთ. ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს მიუსაფარი პირების სპეციალურ სასაფლაოზე დაკრძალვას. „ალბათ ის რომელიმე კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს, მაგალითად, გონიოს ან ადლიის სასაფლაოზე. ეს კერძო საფლავებია და ჩვენს ორგანიზაციას არ ეკუთვნის,“ – გვითხრა ავთანდილ ბურკაძემ.

გამოძიების ვერსიით, ბავშვის დედა თურქეთში აპირებდა გადასვლას და რამდენიმე დღეში უკან დაბრუნებას. 4 წლის გოგოსთვის კი ბრალდებულს უნდა მოევლო, რომელიც დედის მეგობარი იყო. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქეთის მხრიდან ბავშვის დედას დეპორტი გაუკეთეს – ის უზბეკეთში იძულებით დააბრუნეს. საკითხის გარკვევამდე კი, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება ბრალდებულმა აიღო.

ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული  წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მას აღიარებითი ჩვენება გამოძიებისთვის ჯერ არ მიუცია.წინასასამართლო პროცესი ამ საქმეზე ხვალ, 7 აგვისტოს გაიმართება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მკვლელობაში ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ელის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი