54 წლის შშმ ქალი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის

54 წლის მერი 80 წლის დედასთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მერის დედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მოძრაობა არ შეუძლია.

შეზღუდული შესაძლებლობისაა მერიც. ოჯახმა საცხოვრებელი ბინა 6 წლის წინ დაკარგა. „ბინა დავაგირავე და ორჯერ ხერხემალზე გავიკეთე ოპერაცია. ისე მოხდა, რომ ფული ვეღარ დავაბრუნე და ბინა წამართვეს“, – გვეუბნება მერი.

ოჯახის შემოსავალი დედის და მერის პენსიაა. გარდა ამისა, მერის შვილი, რომელსაც ორი ბავშვი ჰყავს, სახლებს ალაგებს. „ასე გაგვაქვს თავი. ძალიან გვიჭირს, რადგან 250 ლარს ბინის ქირაში ვიხდით“, – გვიყვება მერი.

მერი ამბობს, რომ ბათუმის მერიას სამი თვის წინ მიმართა განცხადებით დახმარებისთვის, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ვთხოვდი, რომ წამლების ფული გვქონოდა, მაგრამ არ მომცეს. უარი მითხრეს სოციალურ სტატუსზეც. შემდეგ ვთხოვე, იქნებ დედაჩემი, რომელიც პარალიზებულია და მისი მოვლა ძალიან მიჭირს, მოხუცთა თავშესაფარში მიეღოთ, მაგრამ ვერც ამაზე მივიღე პასუხი“.

მერი ამბობს, რომ დახმარებისთვის პირადად მიმართა მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელსაც, თუმცა გარკვეული პასუხი ვერც მისგან მიიღო.

„ჯერ მითხრა, ადგილები არ არისო, შემდეგ, აქ გალობას რომ დაიწყებენ სხვები, დედათქვენი რას იზამსო. რა უნდა ქნას, იქნება კუთხეში და ისიც წაიკითხავს თავის ლოცვებს-მეთქი (დედაჩემი მუსლიმია), შემდეგ მითხრეს ადგილები არ არისო. პირდაპირ ვერ მეუბნებიან უარს, მაგრამ არც  იღებენ დედაჩემს“.

მერი ამბობს, რომ თუ „ქირის გადახდა არ მოუწევს, ამ თანხით შშმ დედისთვის წამალს იყიდის. „ბავშვებსაც ხომ უნდათ არსებობა“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მოქალაქემ მერიას უფასო მედიკამენტებით სარგებლობის პროგრამაში ჩართვის მიზნით მიმართა.

„ამ პროგრამით სარგებლობას ის შეძლებს. რაც შეეხება თავშესაფარს, აღნიშნული პირის დედა ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რადგან თავშესაფარში ის ადამიანები ირიცხებიან, ვისაც არ ჰყავთ მეურვე ან ნათესავი“.

კითხვაზე – რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მეურვე ან ნათესავი შეზღუდული შესაძლებლობისაა და არ შეუძლია ლოგინად ჩავარდნილი ადამიანის მოვლა, მერიაში ამბობენ, რომ მაშინ მოქალაქემ ხელმეორედ უნდა მიმართოს მერიას და შინმოვლის პროგრამაში ჩართავენ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com