შუახევი-ხულოს [გოდერძი] გაზსადენის პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია



შუახევი[ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის[ზანკები] მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „გაზპროექტი 2009“-სთან 295 ათას ლარზე გააფორმა.

დოკუმენტების მიხედვით ტენდერში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი კობა ლომიძეა.

„მუშაობა პროექტირებაზე დაწყებული გვაქვს და გეგმის მიხედვით ვაგრძელებთ. ამ დროისთვის ვაზუსტებთ იმ კოორდინატებს, სადაც მილსადენმა უნდა გაიაროს. ეს სამუშაო შუახევიდან დაბა ხულომდე მონაკვეთში უკვე შესრულებულია“- გვითხრა სატელეფონო საუბარში კობა ლომიძემ.

ხელშეკრულებით, რომელიც მიმდინარე წლის 17 ივლისს დაიდო, სამუშაოების პირველი ეტაპი – წინასაპროექტო კვლევა, რომელიც მოიცავს დასახლებათა გაზიფიცირების არეალისა და საორიენტაციო აბონენტების რაოდენობის განსაზღვრას – 2018 წლის 25 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.

„პირველ ეტაპზე გამოკვლეულ უნდა იქნას ბუნებრივი აირის მომხმარებელი საწარმოების რაოდენობა, პერსპექტიული განვითარების ჩათვლით. დადგინდეს მილსადენის საპროექტო სიმძლავრეები, კატეგორიები და სამშენებლო ობიექტის კლასები. გაზსადენის სირთულიდან გამომდინარე აუცილებლად ჩატარდეს დეტალური ჰიდრავლიკური გაანგარიშება, მომზადდეს სიტუაციური ნახაზი ე.წ გენერალური გეგმა; გაზსადენის კონტურის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნას სახელმწიფო და კერძო ინტერესები, კონტურში მოქცეული ტერიტორიების გეოლოგიური მდგრადობის საკითხები… საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული ღონისძიებების შესაბამისად,“ – აღნიშნულია სატენდერო პირობაში.

ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო დოკუმენტის პროექტირების მეორე ეტაპზე უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი, მესამე ეტაპზე კი – სამშენებლო დოკუმენტის პროექტი დამუშავდეს.

პროექტი მზად უნდა იყოს 2018 წლის 16 დეკემბრამდე.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით გაზის მილსადენის მშენებლობა, რომელიც ხიჭაური-გოდერძის მილსადენს შეუერთდება. თავის მხრივ, გოდერძი-ხიჭაურის გაზსადენი დაერთდება ბათუმი-ხიჭაურის გაზსადენზე, რითაც აჭარას ბუნებრივი აირის მოწოდების ორი კერა ექნება – ქობულეთისა და გოდერძის მხრიდან.

აჭარის გაზიფიკაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ბათუმიდან ხიჭაურამდე უკვე შენდება გაზსადენი, რომელიც ნაცვლად 2019 წლისა, მიმდინარე წლის აგვისტოში, ან ნოემბერში უნდა დასრულდეს.

ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტების [სოფლების] დაქსელვაზე კი აჭარის მთავრობას არც პროექტი აქვს და არც ფინანსები გამოყოფილი. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ვინ დააფინანსებს შესაბამის სამუშაოებს – საქართველოს, აჭარის მთავრობა, თუ მუნიციპალიტეტებსაც ჩართავენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com