მთავარი,სიახლეები

სკაუტები აჭარიდან ინგლისში, თურქეთსა და საბერძნეთში წავიდნენ

04.08.2018 • 5797
სკაუტები აჭარიდან ინგლისში, თურქეთსა და საბერძნეთში წავიდნენ

ავტორი: აიდან იუსუბი

საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ოგანიზაციის წევრები დღეს უცხოეთში, სკაუტთა ბანაკებში მიემგზავრებიან. „ბათუმელებს“ მათ სარფში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეხვდა.

შორენა ლომაძე, სკაუტური ორგანიზაციის დამფუძნებელი და ორგანიზაციის პრეზიდენტი: „34 სკაუტი მივემგზავრებით დღეს უცხოეთში, ნაწილი მიდის თურქეთის რესპუბლიკაში, მეორე ნაწილი საბერძნეთში, კვიპროსზე, ზოგიერთი კი ინგლისის საერთაშორისო სკაუტურ ბანაკში“.

სკაუტები არიან ადამიანები, რომლებიც ერთობლივად ეუფლებიან ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის უნარ-ჩვევებს: კლდეზე ძრომას, კარვების გაშლას, საველე პირობებში საკვების მოპოვება – მომზადებას და ა. შ.

სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაცია არის მოხალისეთა დიდი, არაპოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 169 ქვეყნის ნაციონალური ორგანიზაციების 40 მილიონზე მეტ წევრს. საქართველოს სკაუტური მოძრაობის არასამთავრობო ორგანიზაცია 1994 წელს დაარსდა, მისი მიზანი არაფორმალური განათლების გზით მოზარდი თაობისა და ახალგაზრდების განვითარებაა.

1997 წელს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია სკაუტური მოძრაობის მსოფლიო არასამთავრობო ორგანიზაციის 147-ე ოფიციალური წევრი გახდა.

სკაუტების ისტორია XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ინგლისელმა ლორდმა, პოლკოვნიკმა ბადენ პაუელმა გადაწყვიტა თავისი სამხედრო კარიერის მანძილზე დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება გაეზიარებინა ბავშვებისთვის შეკრიბა ოციოდე ბიჭუნა.  1907 წელს კუნძულ ბროუნსზე მოაწყო პირველი სკაუტური ბანაკი, მალე წიგნიც გამოსცა „სკაუტური ბიჭებისთვის“. სულ ცოტა ხანში სკაუტური მოძრაობა პოპულარული გახდა როგორც ინგლისში, ასევე მთელ მსოფლიოში.

საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში 6000-ზე მეტი სკაუტი გაიზარდა და ორგანიზაციის წევრებმა 250-ზე მეტ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. სკაუტურ ბანაკებში ორგანიზაციის წევრები ყოფილან აშშ-ში, შვედეთში, საფრანგეთში, ინგლისში, ჩილეში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, იაპონიაში, ჩეხეთში და ა.შ. ორგანიზაცა საქმიანობს საქართველოშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: